“რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

0
13

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში მოასპარეზე “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის დირექტორმა ბაჩანა ცხადაძემ 37 წლის ლევან ჯოხაძე ოფიციალურად წარადგინა. ჯოხაძე 2 სეზონის მანძილზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი გახლდათ. მას, გუნდის ლიგა 4-ში დარჩენასა და შემდეგ ლიგა 3-ში აღზევებაში დიდი წვლილი მიუძღვის. მის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებენ: ვალერი აბრამიძე, მამუკა ყაულაშვილი და ასევე, მეკარეების მწვრთნელი – გიგა ნიქაბაძე.
ბაჩანა ცხადაძე: “ჩვენს გუნდს უხელმძღვანელებს ლევან ჯოხაძე, რომელიც წარმატებით მუშაობდა საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონში“. არსებული მდგომარეობიდან და ჩვენი მიზნებიდან გამომდინარე, მისი კვალიფიკაციის შესაბამისად, სწორედ ლევანზე შევაჩერეთ არჩევანი. ხელშეკრულების მთავარი პირობაა, რომ ამ ეტაპისთვის გუნდმა მიაღწიოს მთავარ მიზანს და ადგილი შეინარჩუნოს ეროვნულ ლიგა 2-ში, ხოლო ამის შემდეგ ლევანთან ვითანამშრომლებთ მომავალი 2 სეზონის განმავლობაში. ეს ყოველივე მეტყველებს იმაზე, რომ ეს პროექტი არის გრძელვადიანი და აუცილებლად აისახება შედეგზე.
მინდა გულშემატკივრებს მივმართო – მხარი დაგვიჭირეთ, რადგან ეს ცვლილებებიც სწორედ გუნდის განვითარებისთვისაა საჭირო. გაუმჯობესდება სპორტული შედეგები, ასევე სასიხარულოა, რომ დაიწყო ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც, რაც მოიცავს აკადემიის რეფორმას და ჩვენი საშინაო არენის რეკონსტრუქციას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი მიგვიყვანს იმ ადგილამდე, სადაც ყოფნას იმსახურებს რუსთავის ფეხბურთი და ჩვენი გუნდი”.
ლევან ჯოხაძე: “პირველ ყოვლისა აღვნიშნავ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ვუხელმძღვანელო საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“. ეს ის ქალაქია, რომელიც გამოირჩევა საფებურთო ტრადიციებით და ეს ის გუნდია, რომელსაც ბევრი კარგი ფეხბურთელი აღუზრდია ქართული ფეხბურთისთვის.
“რუსთავი“ ახალგაზრდული გუნდია და ვფიქრობ, მათ შეუძლიათ იმ მიზნის მიღწევა, რაც ამ ეტაპისთვის აქვს გუნდს. ჩემთვის, როგორც მთავარი მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანია არსებული რესურსის სწორად გამოყენება და როგორც აღვნიშნე, საერთო მიზნის შესრულება სრულებით რეალურია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში გავაუმჯობესებთ თამაშის ხარისხს და გამოვასწორებთ სატურნირო მდგომარეობას.
გარდა ამისა, ჩემი მიზანია, ამ გუნდს ჰქონდეს იდენტობა და თავისი სათამაშო სტილი. უნდა ვითამაშოთ ის ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივარს მოაწონებს, დაამახსოვრებს და შეაყვარებს თავს.”