„ლივერპულის“ მეათე ფინალი

0
4
VILLARREAL, SPAIN - MAY 03: Sadio Mane of Liverpool (obscured) celebrates with teammates after scoring their team's third goal during the UEFA Champions League Semi Final Leg Two match between Villarreal and Liverpool at Estadio de la Ceramica on May 03, 2022 in Villarreal, Spain. (Photo by Eric Alonso/Getty Images)

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ვილიარეალი“ 3:2 დაამარცხა და ვინაიდან შინ პირველი თამაში მოიგო, ფინალში ითამაშებს.
ესპანეთში გამართული შეხვედრა მერსისაიდელებისთვის არასახარბიელოდ დაიწყო, რადგან მე-3 წუთზე ეტიენ კაპუს გადაცემის შემდეგ დიამ ანგარიში გახსნა. 41-ე წუთზე კაპუმ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და პასი კოკლენს გაუკეთა, რომელმაც თავურით მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. კაპუ „ვილიარეალის“ ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 2 საგოლე პასი გააკეთა.
მეორე ტაიმის ანტიგმირი „ვილიარეალის“ მეკარე ხერონიმო რული აღმოჩნდა. 62-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ფაბინიოს დარტყმის შემდეგ, არგენტინელ გოლკიპერს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. 67-ე წუთზე მარჯვნიდან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდის გადაცემის შემდეგ, ლუის დიასმა თავით ახლო მანძილიდან დაარტყა და რულის ბურთი ისევ ფეხებს შორის გაუძვრა. თუმცა, ამ გოლში მისი დადანაშაულება რთულია. 74-ე წუთზე რული ბურთის მოსაგერიებლად საჯარიმოს გარეთ გავიდა, როდესაც ამის საჭიროება არ იყო, მაგრამ სადიო მანემ დაასწრო, რომელიც შემდეგ ფოიტსაც გაექცა და „ლივერპული“ დააწინაურა. უნაი ემერის გაწვრთნილებმა დარჩენილ დროში თამაში ვერ შემოატრიალეს.
იმ 7 სეზონის განმავლობაში, რაც „ლივერპულს“ გერმანელი იურგენ კლოპი ხელმძღვანელობს, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ გავიდა და ერთხელ გაიმარჯვა. არსებობის ისტორიაში მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე მე-10 ფინალს ითამაშებენ. ამ მხრივ ლიდერი „რეალი“ (16) ფინალი, მეორე ადგილს „მილანი“ და „ბაიერნი“ იყოფენ – 11-11 ფინალით.