წიტაიშვილმა და კაკაბაძემ ქულები გაიყვეს, ზივზივაძის გაცუდებული პენალტი

0
7

პოლონეთის ექსტრაკლასას 31-ე ტურში „კრაკოვიამ“, სადაც ოთარ კაკაბაძე გამოდის, გიორგი წიტაიშვილის კრაკოვის „ვისლა“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. კრაკოვულ დერბიში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიდან მხოლოდ გარემარბმა წიტაიშვილმა ითამაშა, რომელიც მატჩის დასრულებამდე არ შეუცვლიათ და 43-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. ამპლუით მცველი კაკაბაძე სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა. „კრაკოვია“ 42 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 პოზიციაზეა, ხოლო „ვისლა“ 30 ქულით მეთექვსმეტეა.
სლოვაკეთში ნაადრევად გაჩემპიონებულმა ბრატისლავას „სლოვანმა“ ტრნავის „სპარტაკი“ მიიღო და 1:0 აჯობა. მასპინძლებში ქართველი ლეგიონერებიდან სასტარტოში არცერთი იყო – საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ 83-ე წუთიდან ითამაშა.
დანიის სუპერლიგის ზედა ექვსეულის მე-6 ტურში „კოპენჰაგენი“ გასვლაზე „მიდტიულანდს“ უგოლოდ გაეყარა. სტუმართა განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა არ იყო.
უნგრეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში „უიპეშტმა“ შინ „დიორმოტს“ ვერ მოუგო – 2:2. მასპინძლებში ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი არ გაუტანია. მან 64-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა – “პანენკას” სტილში დაარტყა და ბურთი კარს ააცილა. მის მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში გიორგი ბერიძე იყო, რომელიც 87-ე წუთზე შეცვალეს. „უიპეშტი“ 40 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.