კობიაშვილი: “დიდი მადლობა ჯანოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის”

0
9

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. 29 წლის ასაკში ფეხბურთელი აქტიური სპორტიდან ნაადრევად მიდის. მისი საფეხბურთო კარიერის მთავარი წინადადება 2009 წლის ზაფხულს უკავშირდება.
მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში“. სწორედ ამ ფრაზით იწყება მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა გულშემატკივართან, რომელიც ფეხბურთელმა სოციალური ქსელით გაავრცელა. მის ქომაგებს ეს რამდენიმე წინადადება არასდროს დაავიწყდება. საქართველოს ნაკრების თითოეულ მხარდამჭერს ამ ფრაზების მოსმენა 13 წლის წინ ყველაზე მეტად სურდა და ეს ყველაფერი ფეხბურთელმა კარიერის საწყის ეტაპზე, 16 წლის ასაკში სწორედ მაშინ თქვა, როდესაც მისი ტალანტის გამოყენება სხვა ქვეყანას სურდა.
2009 წლის ზაფხულში ახალგაზრდა ფეხბურთელის ნათქვამ ფრაზას, შემოდგომაზე პირველი სანაკრებო მიწვევა მოყვა. ჯანო ანანიძის დებიუტი იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ამავე წლის 5 სექტემბერს შედგა. დინამო არენას სავსე ტრიბუნების ფონზე  – 16 წლის , 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო 59 წუთი ითამაშა. მისი სანაკრებო კარიერა ვარსკვლავურ იტალიასთან მატჩით დაიწყო.
სადებიუტო გოლი 2010 წლის 17 ნოემბრით თარიღდება. ამხანაგურ შეხვედრაში მის მიერ გატანილი გოლით საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სლოვენია 2:1  დაამარცხა. ჯანოს სანაკრებო კარიერა ჯამში 45 შეხვედრას, 7 გოლს და 6 საგოლე გადაცემას ითვლის. ბოლო სანაკრებო თამაში 2019 წლის 15 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც საქართველოს ნაკრებმა სტუმრად გიბრალტარს 3:2 მოუგო. ამ მატჩიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, ბევრი გულშემატკივრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება ფეხბურთელმა საკუთარ წერილში ახსნა.

„დღეს არჩევანის წინაშე ვარ, თუმცა ამჯერად სასწორზე, კარიერასთან ერთად უკვე ჩემი ჯანმრთელობა დევს და ამ არჩევანსაც ჩემ ოჯახთან ერთად მივიღებ“, – ამბობს ჯანო ანანიძე. რომლისთვისაც ეროვნულ ნაკრებში გატარებული თითოეული წუთი დაუვიწყარი მოგონებაა – „როცა 16 წლის ვიყავი, სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არ განიხილებოდა.
მაშინ დიდ ფეხბურთში ადგილის დამკვიდრებას ვიწყებდი და სწორედ ამ არჩევანმა განაპირობა იმ პატარა ასაკში, ჩემთვის საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება, რომლის რიგებშიც გატარებული თითოეული წუთი, ყოველთვის დაუვიწყარი იქნება, რადგან ნაკრები სხვა ფენომენია და ნაკრებში თამაში სხვა ბედნიერებაა“.
საქართველოს ნაკრების გულშემატკივარს, ხშირად დანაკლისის შეგრძნება ჰქონდა, როდესაც ჯანო ანანიძე განაცხადში არ იყო. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამოწვეული უიღბლობა იყო. ამ ეტაპებს ფეხბურთელი ემოციურად იხსენებს: „აღარც ასაკით ვარ პატარა და სიმართლე გითხრათ, ძალიან დამღალა ამ დაუსრულებელმა და მოუშუშებელმა ტრავმებმა. კარიერის მანძილზე ძალიან ბევრი ვიბრძოლე, ბევრი ტკივილი ავიტანე, საოპერაციო მაგიდაზეც ბევრჯერ ვიწექი. არასოდეს დამიშურია ძალა და ენერგია იმისთვის, რომ წაქცეული, ისევ ფეხზე დავმდგარიყავი, ისევ მეთამაშა ჩემი და გულშემატკივრის სიამოვნებისათვის. ეს თქვენი გვერდში დგომის გამო ხდებოდა, რისთვისაც ყოველთვის თქვენი მოვალე ვიქნები“, – მიმართავს ქომაგს ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრების ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა.
 ლევან კობიაშვილი (სფფ-ის პრეზიდენტი): “ძალიან საწყენია, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ჯანო ქართული ფეხბურთის გამორჩეული და განსაკუთრებულად ნიჭიერი ფეხბურთელი იყო.
ჯანოსთან ერთად საქართველოს ნაკრების მაისურით პირველად 2009 წელს, მისთვის სადებიუტო შეხვედრაში ვითამაშე. ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და საკუთარი ქვეყნის ნაკრების სახელს იცავდა. დიდი მადლობა ჯანოს საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის. მადლობა ჯანო!”
 ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): “ჯანოს გადაწყვეტილებას ყველა პატივს ვცემთ. ჩემთვის, ისე როგორც საქართველოს ნაკრების ყველა  გულშემატკივრისთვის, სამწუხაროა ასეთ ასაკში კარიერის დასრულება.
გვერდიგვერდ ვითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად ყოველთვის გამორჩეული იყო მოედანზე. საწყენია 29 ასაკში თქვა უარი იმ სივრცეზე, სადაც ყველაზე მეტი დრო გაქვს გატარებული.
მადლობა ჯანო, შენ იყავი და ყოველთვის დარჩები ქართული ფეხბურთის გამორჩეულ წევრად”.