„გენიალური ბიჭი“ საქართველოდან

0
8

‘გლოსთერის’ თავკაცმა ჯორჯ სკივინგტონმა, 2020 წლის დეკემბერში შემოდგომის ერთა თასზე ირლანდიასთან გატანილი ლელოს შემდეგ, ფსონი უცნობ ქართველ მოთამაშეზე, გიორგი კვესელაძეზე გააკეთა. მაშინ ის მარნეულის ‘არმაზის’ 23 წლის ნახევრადპროფესიონალი იყო და ყურადღება იმით მიიპყრო, რომ ბრაიან ო’დრისკოლმა თვითერზე დითირამბებით შეამკო.„მე რომ ევროპული კლუბი ვიყო, რომელიც ცენტრს ეძებს, სერიოზულად დავაკვირდებოდი ქართველ 13 ნომერ გიორგი კვესელაძეს. შესანიშნავი ლელოს გარდა, ის გამოირჩა დაცვაში საიმედო თამაშით. განათლებული და შრომისმოყვარეა“ – დაწერა მაშინ ო’დრისკოლმა.
იმ დღეს კვესელაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ გამხდარა, თუმცა მისი შედეგები საუკეთესო იყო შემოდგომის ერთა თასზე და მალე ‘გლოსთერმა’ უხმო. 16 თვის შემდეგ ის ინგლისურ კლუბში, პრემიერლიგის ნახევარფინალში თავისი მე-15 მატჩისთვის ემზადება.‘გლოსთერში’ თამაშის პარალელურად, ის საერთაშორისო კარიერას აგრძელებდა და ნოემბერში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასზე გასვლაში დაეხმარა. სკივინგტონი ქართველ მორაგბეზე ამბობს:
„ის ხარისხიანი მოთამაშეა. ირლანდიას მან მართლაც გამორჩეული ლელო გაუტანა. ახლა მას პრემიერ ლიგის ინტენსივობასთან შეგუების პერიოდი უდგას და მუხლჩაუხრელად შრომობს საკუთარი თამაშის დასახვეწად და ინგლისური ენის შესასწავლად. მას სურს ჩვენი გუნდის ნაწილი იყოს და აშკარაა, ნათელი მომავალი აქვს. ამ სეზონში მას არ ჰქონდა საკმარისი სათამაშო დრო და რამდენჯერმე გაემგზავრა საქართველოს ნაკრებში, რის გამოც სასურველი ბალანსი ვერ დავიცავით, თუმცა ის შესანიშნავი ადამიანი და მორაგბეა და დიდი პოტენციალი აქვს.
საქართველოს ნაკრებში თამაშისას, ის შთამბეჭდავი იყო დაზღვევისას, თუმცა ჩვენ გვსურს, ენერგია საჭირო დროს გამოიყენოს და ჩაჯდეს სისტემაში. ‘ბრისტოლთან’ მან ეს შესანიშნავად მოახერხა და ‘ვუსტერთან’ 12 ნომრის პოზიციასაც კარგად გაართვა თავი. გიორგიმ თამაშის მერე მითხრა, რომ მოსწონს 12 ნომრად თამაში. მას მუდმივი პროგრესი აქვს და მას უფრო მეტო სათამაშო დრო ექნება, ვიდრე გასულ სეზონში. მჯერა, ის ძალიან კარგი მოთამაშე გახდება.
ღია ვართ და დიდი ყურადღებას ვუთმობთ ‘გლოსთერის’ ახალგაზრდა მოთამაშეებს, თუმცა სხვა, დაბალის დონის ჩემპიონატებში, რომლებიც ვერ პასუხობენ პრემიერ ლიგის სტანდარტებს, არიან გიორგის მსგავსი შემსრულებლები და თუ ასეთ ხარისხიან შემსრულებლებს ვიპოვნით, შესანიშნავი იქნება. სათქმელად უფრო მარტივია, ვიდრე შესასრულებლად, თუმცა მე ღია ვარ ნებისმიერისთვის, ვისაც სწავლა და განვითარება უნდა“.