“კაკტუსმა” საკვალიფიკაციო სერია გამარჯვებით გახსნა

0
13

მომავალი, 2022-2023 წლის საკალათბურთო სუპერლიგაში ერთი ადგილია ვაკანტური, რომლისთვისაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული “კაკტუსი” და “ა” ლიგის ფინალში დამარცხებული “ასტრალი” იბრძვიან. საგზურს ის გუნდი მიიღებს, რომელიც საკვალიფიკაციო სერიაში იმარჯვებს. სერია დღეს დაიწყო და ის ერთ-ერთი გუნდის 3 მოგებამდე გაგრძელდება.
სერიის პირველი შეხვედრა “კაკტუსმა” მოიგო და სუპერლიგაში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა საქმე რომ გადათამაშებამდე მიიყვანეს, ალბათ ამას უფრო დარდობენ, ვიდრე საკუთრივ “ასტრალთან” დაპირისპირებაზე ნერვიულობენ. მართალია, ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა – “კაკტუსმა”, რომელიც პირველი ნახევრის შემდეგ 3 ქულით ჩამორჩებოდა, შეხვედრა 21 ქულით – 95:74 მოიგო.
გამარჯვებულთა შორის 26 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 9 მოხსნა დერიკ ნიუტონმა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. “ასტრალში” 24 ქულითა და 10 მოხსნით ევან ჰინსონი გამოირჩა. 21 ქულა ბექა ჩიკვილაძემ, ხოლო 12 ქულა და 11 მოხსნა ევან მილიგანის ანგარიშზეა.
სერიის მეორე შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 27 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება.