ზივზივაძის მე-12 გოლი, დვალი უნგრეთში მეოთხედ გაჩემპიონდა

0
17

ბუდუ ზივზივაძემ გოლი უნგრეთის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ტურში გაიტანა. „ფეჰერვარი“, სადაც ის საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთ ფორვარდ გიორგი ბერიძესთან ერთად გამოდის, სტუმრად გათამაშების ლიდერ „ფერენცვაროშს“ შეხვდა და 1:2 წააგო.
ორივე ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ზივზივაძემ ანგარიში მე-6 წუთზე პენალტიდან გახსნა, რომელიც გიორგი ბერიძემ გამოიმუშავა. მან შეუცვლელად ითამაშა. ზივზივაძემ ჩემპიონატში მე-12 გოლი გაიტანა – 2 „ფეჰერვარში“ და 10 „უიპეშტში“, სადაც სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული.
მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი ნგუენმა მე-19 წუთზე გაიტანა, ხოლო ვაშჩეიმ მეტოქის კარი მეორედ 39-ე წუთზე აიღო. ბერიძე 87-ე წუთზე შეცვალეს. „ფერენცვაროშის“ განაცხადში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი ისევ არ იყო. იგი სეზონის დასრულების შემდეგ კლუბიდან დიდი ალბათობით წავა. აქვე გეტყვით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ „ფერენცვაროშმა“ უნგრეთის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიგო, ხოლო არსებობის ისტორიაში 33-ედ, რაც რეკორდია. მის გარდა “ფერენცაროშში” ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი ირიცხება, რომელსაც ოპერაციის გამო ამ სეზონში არ უთამაშია და ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
დვალი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ბუდაპეშტელებში მხოლოდ 3-ჯერ ითამაშა, ოქროს მედლები მიჯრით ოთხჯერ მოიპოვა.