კიტეიშვილის მორიგი ტრავმა, ხოჭოლავას მარცხი შინ

0
12

ავსტრიის ბუნდესლიგის ზედა ექვსეულში ოთარ კიტეიშვილი გრაცის „შტურმმა“ სტუმრად ვენის „რაპიდთან“ სამი ქულა ბოლო წუთებში დაკარგა. შეხვედრის პირველი ნახევრის გატანილი გოლების გარეშე დასრულების მერე, გრაცელები ზარკარიამ 75-ე წუთზე პენალტიდან დააწინაურა. მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 89-ე წუთზე კნასმულნერის დარტყმის მერე გაიტანეს. საქართველოს ეროვნული გუნდის შუახაზელი კიტეიშვილი სასტარტოში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე ჩაერთო. თუმცა, ტრავმა მიიღო და სამ წუთში შეცვალეს.
“ბოლო დროს ძალიან უიღბლო პერიოდი მქონდა. იმედი მაქვს ახლა სერიოზული არაფერი იქნება და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“ – დაწერა კიტეიშვილმა სოციალურ ქსელში.
„შტურმი“ 31 ქულით მეორე ადგილზეა, რაც მომავალ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლებას აძლევს.
„კოპენჰაგენმა“, რომლის ღირსებას დავით ხოჭოლავა იცავს, დანიის სუპერლიგის ზედა ექვსეულის მე-5 ტურში „რანდერსს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო სტუმრებიდან ერთადერთი ბურთი 56-ე წუთზე ანკერსენმა გაიტანა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. „კოპენჰაგენი“ მარცხის მიუხედავად 57 ქულით პირველ ადგილზეა.