ბათუმის „დინამომ“ პირველი წრე მოიგო

0
14

ბათუმის „დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრე მოიგო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ფაქტობრივად ბოლომდე შევსებულ „რამაზ შენგელიაზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა და სამი ქულა აიღო.
მე-13 წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს პასი „ტორპედოსს“ კარის ახლო ძელთან გააკეთა, სადაც მყოფმა მამუკა კობახიძემ თავით ბურთი შორეულ ძელთან გაგზავნა, ხოლო ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა თავურით ანგარიში გახსნა – 0:1.
25-ე წუთზე მასპინძელთა ბოსნიელმა მეკარე დინო ჰამზიჩმა ბურთი ცუდად „ამოიტანა“ და სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის მერე, ფლამარიონმა ბაქარ მირცხულავა იოლად ჩამოიცილა, რის მერე, მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:2.
54-ე წუთზე ნიგერიელი ბენჟამინ ტეიდის პასის შემდეგ ფლამარიონმა მკერდით „დაუგდო“ ბურთი რადინს, რომელმაც ბურთი ისევ ბრაზილიელს დაუბრუნა, ამ უკანასსკნელმა კი დროულად მოძებნა ქუთაისელთა საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ერთი შეხებით შოირეულ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა – 0:3.
ბათუმელებმა პირველი წრე 22 ქულით დაასრულეს, ხოლო გია ცეცაძის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ 11 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
ლევან კორღალიძის თავკაცობით „საბურთალო“ „თელავს“ ეწვია და 2:0 გაიმარჯვა.
მე-40 წუთზე „საბურთალოს“ ნახევარმცველმა შოთა ნონიკაშვილმა მოედნის ცენტრში ერთი მეტოქე ჩამოიცილა, რამდენიმე მეტრი წინ წაიწია და შორი მანძილიდან დაარტყა – ბურთი ლუკა სანიკიძის წინა დაეცა და კარში აღმოჩნდა. ამ ეპიზოდში მასპინძლების მეკარე აშკარად შეცდა. 99-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძე თელაველთა კარის დარაჯთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი გამოიყენა.
ამ გამარჯვების შემდეგ „საბურთალომ“ 15 ქულით მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით „თელავი“ 10 ქულით მეცხრეა.