რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

0
9

საკალათბურთო სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა. რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმერულ გუნდს პლეი ოფის სერიებში ნებისმიერ მეტოქესთან მოედნის უპირატესობა ექნება.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო 3 მატჩი დღეს გაიმართა. მიუხედავად დარჩენილი რამდენიმე თამაშისა, დღევანდლამდე არც ერთი წყვილი ცნობილი არ იყო. სამივე შეხვედრა საკვანძო გახლდათ 1-დან მე-8 ადგილების განაწილების საქმეში.
პირველი შეხვედრა სარეკორდო გამოდგა. 130 ქულა მიმდინარე სუპერლიგის მატჩში არც ერთ გუნდს არ ჩაუგდია და ეს “მეგამ” მოახერხა, რომელმაც უმოტივაციოდ დარჩენილი “ცხუმ-აფხაზეთი” 130:101  დაამარცხა. საკუთრივ ქულათა ჯამიც სარეკორდო იყო მიმდინარე სეზონისთვის, ხოლო ინდივიდუალური რეკორდებიდან ცხუმელმა ნოდარ გოგოძემ მოახერხა 38 ქულით უმაღლესი შედეგის დაფიქსირება. აქამდე მიმდინარე ჩემპიონატში 37 ქულა იყო უმეტესი, რაც 2 მოთამაშეს – თსუ-ელ ლოველ ქაბილს და დინამოელ ბენჯამინ ქოლეჯს ჰქონდა დაფიქსირებული.
ამ შეხვედრას “მეგასთვის” ჰქონდა ის მნიშვნელობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მე-6 ადგილს იკავებდა და ნახევარფინალში მე-3 ადგილზე გასულ გუნდს ხვდებოდა. თუმცა იმ მომენტისთვის არ იყო გარკვეული, თუ ვინ დაიკავებდა მე-3 ადგილს, რადგან ეს “ბათუმისა” და “ოლიმპის” შეხვედრაში გამარჯვებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. თუმცა “მეგას” მაინც ეს გზა უჯობდა, რადგან ცხუმ-აფხაზეთთან დამარცხების შემთხვევაში, მე-7 ადგილზე გადიოდა და პლეი ოფის პირველ რაუნდში მეორეადგილოსანს – ან თსუ-ს, ანაც “ქუთაისს” ხვდებოდა.
სჭირდებოდა და “მეგას” მოგების მოპოვება არც გასჭირვებია. პლეი ოფს მიღმა დარჩენილმა, თუმც სუპერლიგაში ადგილშენარჩუნებულმა ცხუმ-აფხაზეთმა სეზონის ბოლო მატჩი ლეგიონერების გარეშე ითამაშა. შეხვედრაში დაცვა მოშლილი იყო და გუნდები ქულებს ბლომად და ნაირგვარი ხერხებით იხვეჭდნენ. საბოლოოდ “მეგამ” იმარჯვა და რეგულარული ჩემპიონატი ცხრილში მე-6 ადგილზე დაასრულა. მისი მეტოქე მოგვიანებით გამოვლინდა, როცა ბათუმში რეგულარულის ბოლო შეხვედრა დასრულდა, თუმცა მანამდე ოლიმპიურ სასახლეში მორიგი მატჩი ჩატარდა, რომელმაც რეგულარულის გამარჯვებული გამოავლინა და მეოთხედფინალის 2 წყვილი შეკრა.
ლაპარაკია თსუ-სა და “ტიტების” დაპირისპირებაზე. გათამაშების ლიდერი ცხრილის ქვედა ნახევარში მყოფ გუნდს ხვდებოდა და რომ მოეგო, რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე ასრულებდა და პლეი ოფის პირველ წრეში “რუსთავს” ეთამაშებოდა. წაგების შემთხვევაში კი მეორე ადგილი და მეოთხედფინალში მეტოქედ “ტიტები” ერგებოდა. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა უნივერსიტეტელებმა მატჩი 74:80 დათმეს და მეორე ადგილს დასჯერდნენ. შესაბამისად, მე-8 ადგილზე გასულ “რუსთავს” მეოთხედფინალში რეგულარულის გამარჯვებული “ქუთაისი” შეხვდა, ხოლო თსუ-ს ურთიერთობის გარკვევა “ტიტებთან” მოუწევს.
დაბოლოს, “ბათუმისა” და “ოლიმპის” მატჩი. ორივე გუნდმა იცოდა, მოგების, ან წაგების შემთხვევაში ვის ხვდებოდა. მოგებულს მეტოქედ “მეგა” ერგებოდა, რომლის ძლევის შემთხვევაში ნახევარფინალში თსუ-სა და “ტიტების” გამარჯვებულს ეჯახებოდა. წაგებულს კი პლეი ოფის პირველ წრეში მეტოქედ “ვერა” ელოდა, რომლის ძლევის შემთხვევაშიც “ქუთაისი” – “რუსთავს” შორის უმჯობესს უპირისპირდებოდა.
შეხვედრა “ოლიმპმა”  79:76 მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალის დარჩენილი წყვილები კი ასე შეიკრა: “ოლიმპი – “მეგა”, “ბათუმი” – “ვერა”.
პლეი ოფი 29 აპრილიდან დაიწყება. მეოთხედფინალისა და მთლიანად პლეი ოფის ნებისმიერი სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. თამაშების განრიგი იხილეთ ჩვენი ვებ-გვერდის შესაბამის განყოფილებაში.