“რუსთავმა” “ვერას” მოუგო და პლეი-ოფი გაინაღდა

0
7

დღეს სუპერლიგის ერთი მატჩი ქვემო ქართლში გაიმართა. “რუსთავმა” “ვერას” უმასპინძლა და იოლად – 91:70 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ქვემოქართლელებმა გაინაღდეს პლეი-ოფში თამაში, რითაც ასევე ცნობილი გახდა, რომ “ცხუმ-აფხაზეთი” რეგულარულ ჩემპიონატს მე-9 ადგილზე დაასრულებს და არც პლეი-ოფში ითამაშებს და არც ლიგიდან გავარდნის საშიშროება დაემუქრება. “ცხუმ-აფხაზეთს” დარჩა ერთი მატჩი “მეგასთან”, რომელსაც მხოლოდ ის მნიშვნელობა აქვს, “მეგა” (მოგების შემთხვევაში) მე-6 ადგილზე დაასრულებს რეგულარულს თუ მე-7-ზე.
ერთი სიტყვით, პლეი-ოფში გასული 8 გუნდის ვინაობა ცნობილია და დარჩენილ 4 შეხვედრაში გუნდები ცხრილში ადგილებს გაინაწილებენ და მეოთხედფინალური წყვილებში მეტოქეთა ვინაობაც ამის შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება რუსთავში გამართულ შეხვედრას, “ვერამ” უიმედოდ წააგო. ამ გუნდმა 2 ლეგიონერი დაკარგა და იმის საპირისპირო შედეგი აჩვენა, რაც პირველ წრეში ჰქონდა. ვერელებმა პირველ წრეში 10 მატჩიდან 8 მოიგეს, მეორე წრეში კი 8 წააგეს და რეგულარულ ჩემპიონატს მე-5 ადგილზე დაასრულებენ.
დავით გასიტაშვილის გაწვრთნილმა “ვერამ” დღევანდელ მატჩში ამერიკელი ლიდერი, ზაკ სელიასიც დაკარგა, რომელმაც მუხლი იტკინა და მეორე პერიოდიდან თამაშიდან გავიდა. ამის შემდეგ ვერელებმა თამაშზე კონტროლი დაკარგეს და საბოლოოდ 21 ქულით დამარცხდნენ.
რუსთაველთაგან სათამაშო დრო თითქმის ყველაზე თანაბრად გადანაწილდა. 10 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო რაჰიმ ჯონსონი. 11-11 ქულა გუგა პატაშურმა და ლუვეინ პიპკინსმა მოაგროვეს. “ვერაში” 17 ქულით ბომბარდირი გახდა ობრი მაკალპინი, ბორის თორთლაძის ანგარიშზე კი 10 ქულა დაგროვდა.