წიტაიშვილი პირველად სასტარტოში, კვეკვესკირის გუნდი ისევ ლიდერია

0
8

გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის „ვისლას“ სასტარტო შემადგენლობაში პირველად მოხვდა. პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში კრაკოველები სტუმრად „შლიონსკს“ შეხვდნენ და ქულა აიღეს – 1:1.
სტუმრები მე-6 წუთზე მანუმ დააწინაურა, ხოლო მასპინძლებიდან ანგარიში 41-ე წუთზე კინტანამ გაათანაბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი წიტაიშვილი მოედანზე პირველი წუთიდან იყო და 74-ე წუთზე შეცვალეს. მას „ვისლაში“ დებიუტი 28-ე ტურში ზაბჟეს „გურნიკთან“ (4:1) შინ მოგებულ მატჩში ჰქონდა, რომელშიც საგოლე პასი მიითვალა. „ვისლა“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.
„კრაკოვიამ“ ლუბინის „ზაგლებიე“ მიიღო და 1:0 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 76-ე წუთზე ჩაერთო. „კრაკოვია“ 38 ქულით მე-8 პოზიციაზეა.
ჩემპიონატს 59 ქულით პოზნანის „ლეხი“ ლიდერობს, რომელმაც კვირას სტუმრად პლოცკის „ვისლას“ 1:0 სძლია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი ნიკა კვეკვესკირი პოზნანელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.