“კავკასიას” სუპერლიგამდე ერთი გამარჯვება აშორებს

0
15

საკალათბურთო კლუბი “კავკასია” “ა” ლიგის ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა და მთავარ მიზნამდე 1 მოგება აშორებს. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ კავკასიელებმა სერიის მორიგი მატჩი 78:66 სძლიეს “ასტრალს” და სუპერლიგის საგზურის მოსაპოვებლად 1 მოგება აკლიათ. შესაბამისად, “ასტრალს”, რომელმაც ფინალური სერია გამარჯვებით დაიწყო და შემდეგ 2-ჯერ დამარცხდა, მიჯრით 2 გამარჯვება სჭირდება სერიისა და სუპერლიგის საგზურის მოსაგებად.
გარდა იმისა, რომ სერიაში ჩამორჩა, “ასტრალს” ერთ-ერთი ლიდერი დაუშავდა. ევან მილიგანმა პირველი ნახევრის ბოლოს ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან გასული, თამაშში აღარ ჩართულა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა ის სერიის მომდევნო, 20 აპრილს გასამართ მატჩში, თუმცა კოჭი რომ სერიოზულად აქვს ნატკენი, დღევანდელ მატჩში გამოჩნდა.
როცა მილიგანი მოედანზე იყო, ასტრალს იმდენად არ უჭირდა. მართალია, კავკასიელებმა შეხვედრა 9:0 გაქცევით დაიწყეს, თუმცა 5 წუთში ასტრალი გალიდერდა – 15:14. სავარაუდო იყო, რომ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდებოდა, თუმცა კავკასიელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი პერიოდი 20:15 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. კავკასიელთა ლეგიონერებმა – მაიკ ბალოგანმა და ჯორდან გრანტმა ფრთები გაშალეს და დიდი შესვენებისთვის 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
“ასტრალის” მდგომარეობა თითქმის უიმედო შეიქნა, როცა მოედანი ტრავმის გამო მილიგანმა დატოვა, თუმცა ლიდერის ფუნქციები ევან ჰინსონმა აიღო, მას სათადარიგოებიც შეეშველნენ და ბრძოლის ხარჯზე ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა – 64:68. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც ასტრალმა მიაღწია. დარჩენილ დროში კავკასიელებმა საბოლოოდ მოუთავეს ხელი მეტოქეს.
“კავკასიაში” ყველაზე შედეგიანი მარკიზ მეიფილდი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. 22 ქულა ჯორდან გრანტის ანგარიშზე დაგროვდა, 14 ქულით მაიკ ბალოგანი გამოირჩა. ასტრალში 18 ქულით ბომბარდირი გახდა ევან ჰინსონი, 11 ქულა მამუკა ბაზუაშვილმა, ხოლო 10-10 ვასილ კუტალაძემ და ევან მილიგანმა მიითვალეს.
სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 20 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება.