კვარაცხელიას დუბლი და დავითაშვილის დებიუტი

0
8

ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი დუბლი მიითვალა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-8 ტურში ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა და უხვგოლიან მატჩში გაიმარჯვა.
მატჩის მე-4 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე ეფექტურად აუარა გვერდი თემურ შონიას და ზუსტი პასით სტუმართა საჯარიმოში ბრაზილიელი ჯოვინო ფლამარიანი მოძებნა, რომელმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:0. მე-7 წუთზე კვაარცხელიამ ბურთი საჯარიმოში ირაკლი აზაროვს შეაყოლა, რომელმაც გუგა ფალავანდიშვილს უპასა მან კი თავის მხრივ გადაცემა კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც ეროვნულ ლიგაში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა- 2:0. მე-11 წუთზე შონიამ ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა 1:2, მაგრამ 27-ე წუთზე კვაარცხელიამ ლამაზი მოჭრილი დარტყმით დუბლი მიითვალა – 3:1.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მათე ვაწაძის ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ მათე კვირკვია ბათუმელთა მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. 55-ე წუთზე უკვე კვირკვიამ მისცა პასი ვაწაძეს, რომელმაც ახლო მანძილიდან გოლი გატანის რეალური შანი ხელიდან გაუშვა.
62-ე წუთზე სანდრო ალთუნაშვილმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფი ფლამარიონი მოძებნა, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 4:1. 64-ე წუთზე თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო, რომელსაც ბათუმელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა. მე-80 წუთზე თემურ ჩოგაძის დარტყმული ბურთი მიხეილ ალავიძემ მოიგერია, თუმცა გიორგი ბუხაიძემ ზუსტად დაამატა – 2:4.
86-ე წუთზე, სერბმა მილან რადინმა „კედელი“ ელგუჯა ლობჯანიძესთან გაითამაშა და გარე ტერფით მეკარისგან მარჯვენა „ცხრიანში“ გაიტანა – 5:2. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები 19 ქულით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო გაგა კირკიტაძის თაოსნობით „გაგრა“ 8 ქულით მერვეა.

„საბურთალოსა“ და „ლოკომოტივის“ შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე გაიხსნა, როდესაც სტუმართა ფეხბურთელმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა ავტოგოლი მიითვალა. 61-ე წუთზე გიორგი გულიაშვილი მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მისი გადაცემის შემდეგ ირაკლი სიხარულიძემ საბურთალოელები კიდევ უფრო დააწინაურა. 68-ე წუთზე ლუკა კეკელიძემ მასპინძლების ნახევარმცველმა ბაქარ ქარდავას ბურთი მისსავე საჯარიმოში აართვა და ბურთი ბექა დარცმელიას გადააწოდა, რომელმაც ანგარიშში სხვაობა შეამცირა. 84-ე წუთზე ლაშა აწყურელმა თავის საჯარიმოში გიორგი გულიაშვილი წააქცია და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამო გააძევეს, ხოლო მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი იური ტაბატაძემ ვერ გამოიყენა – ბურთი კარს გადააცილა, ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე სიხარულიძემ დუბლი შეასრულა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ლევან კორღალიძის თავკაცობით „საბურთალომ“ 12 ქულა დააგროვა და მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო „ლოკომოტივს“ ჯერ ქულა არ აუღია და ბოლოა.