ჰოკეისტი სანდრო მაკარიძე – 2022 წლის საფრანგეთის ჩემპიონი

0
410

ს.მაკარიძე(კლუბის  „ACBB” თავდამსხმელი) -საფრანგეთის 2022 წლის ჩემპიონი (U-13 ) და  საერთაშორისო ტურნირის “Tournoi de Compiègne 2022”  საუკეთესო მოთამაშე

 

საქართველოში  ყინულის ჰოკეის ისტორია 1950-იანი  წლების მიწურულს იღებს სათავეს, როცა რამდენიმე ქალაქში გამოჩნდნენ ჰოკეის ენთუზიასტები, საბავშვო და ჭაბუკთა გუნდები. 1961 წლის იანვარში ბაკურიანში გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპონატი ყინულის ჰოკეიში, რომელშიც მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, ახალქალაქის, ქუთაისის, ადიგენისა და დუშეთის გუნდები. ჩემპიონი „ახალქალაქი“ გახდა, რომელმაც ფინალში „ბათუმი“ დაამარცხა. 1962 წლის თებერვალში ჩატარდა საქართველოს მეორე ჩემპიონატი. ამჯერად, შეჯიბრებაში თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, მესტიის, ქუთაისისა და ბათუმის გუნდები მონაწილეობდნენ. ჩემპიონობა თბილისის პირველმა გუნდმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში წინა პირველობაში გამარჯვებული ახალქალაქი დაამარცხა. ჩემპიონატის შემდეგ შეიქმნა საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები, რომელმაც 1962 წლის მარტში სვერდლოვსკში (ეკატერინბურგი)სსრკ სპარტაკიადაზე მონაწილეობა მიიღო. ჩვენმა ნაკრებმა დაამარცხა სომხეთი 11-2, ყირგიზეთი 1-0, დანარჩენი მატჩები წააგო, 12 მონაწილე ნაკრებებს შორის საქართველომ მეათე ადგილი დაიკავა.
საქართველოში ყინულის ჰოკეის ისტორიის საინტერესო დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ  სპეციალურ სტატიაში, დღეს მოკლედ აღვნიშნავთ, რომ ჰოკეის მიმდევრები ჩვენთან იყვნენ 1970-1980 წლებში, ტარდებოდა ტურნირები. საქართველოში ყინულის ჰოკეის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა  70-იან წლებში, კანადა-სსრკ-ის მატჩების სერიების შემდეგ. საქართველოს ნაკრების წევრმა ნოდარ დონაძემ ჩამოაყალიბა მოზარდთა გუნდი “პირველი მერცხალი”, რომელმაც მოსწავლეთა საკავშირო შეჯიბრებაზე _ “ოქროს შაიბაშიც” ითამაშა. ამ გუნდში აღზრდილი მეკარე კოტე ბახუტაშვილი 1988-89 წლებში იყო იმ დროის ევროპის საუკეთესო გუნდის  მოსკოვის ცსკა-ს და სსრკ ჭაბუკთა ნაკრების მეკარე, შემდეგ კი ყაზანის “იტილში” გამოდიოდა. 1990-იან  წლებში არ შეწყვეტილა ინტერესი ჰოკეის მიმართ, თუმცა იმ პერიოდში არსებული სირთულეების გამო ვერ ხერხდებოდა ჰოკეის აღორძინება. 2004 წ დაარსდა საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია, რომელიც 2009 წლიდან არის ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრი. 2012 წელს საქართველო პირველად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის პროგრამაში, მან მონაწილეობა მიიღო IIHF-ის 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის საკვალიფიკაციო ტურნირში. ჩვენი ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატებში მესამე დივიზიონის გუნდებს შორის, 2018 წელს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დივიზიონის გამარჯვებული გახდა და 2019 წელს პირველად იასპარეზა  მსოფლიო პირველობის მეორე დივიზიონის ბ ჯგუფში,სადაც დაიკავა მეოთხე  ადგილი. 2020 და 2021 წლებში პანდემიის გამო მსოფლიო ჩემოინატები არ გამართულა. მიმდინარე წლის 18-24 აპრილს რეიკივიკში ტარდება მეორე დივიზიონის ბ ჯგუფის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც  მონაწილეობენ ისლანდიის, ბელგიის, მექსიკის, ბულგარეთისა და საქართველოს გუნდები. ამ ჩემპიონატზე ინფორმაციას  მოგვიანებით გაცნობებთ.

დღეს კი  გაგაცნობთ  პარიზში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეს 11 წლის სანდრო მაკარიძეს, რომელიც აპრილში  გახდა საფრანგეთის ჩემპიონი 13 წლამდელთა გუნდებს შორის, შემდეგ კი მან წარმატებით იასპარეზა საერთაშორისო ტურნირებზე შვეიცარიაში და საფრანგეთში.
ამ სტრიქონების ავტორი დაუკავშირდა პარიზში მცხოვრებ სანდროს მამას ბექა მაკარიძეს და თავად სანდროს, რათა მოეპოვებინა უფრო მეტი ინფორმაცია ამ წარმატებულ ქართველ ჰოკეისტზე.

-ბატონო ბექა!როგორ მოხდა, რომ თქვენმა ვაჟმა ჰოკეი აირჩია და არა ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი და ა.შ.
– სანდრო  დაიბადა 2010 წლის 17 ოქტომბერს თბილისში.  როცა 1 წლის და 10 თვის გახდა, ოჯახი გადავედით საცხოვრებლად უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, იქ ვმუშაობდი 2021 წლის ზაფხულამდე საქართველოს საელჩოში. პირველად ყინულზე სანდრო 4 წლის ასაკში დადგა, ეს ბუდაპეშტში მოხდა, ის შევიყვანეთ ფიგურულ ციგურაობაში, თუმცა თავად სანდრომ 1 წლის შემდეგ მთხოვა ყინულის ჰოკეის გუნდში გადაყვანა სავარჯიშოდ, გუნდში, რომელიც იგივე არენაზე ვარჯიშობდა, სადაც მოციგურავეები იყვნენ. სანდროს ჰოკეი უფრო იზიდავდა. 5 წლის ასაკიდან სულ ჰოკეიშია.  მალევე გამოავლინა შესაბამისი შემართება. 5 წლის ასაკიდან თამაშობდა  გუნდ „იეგკერტის“ რიგებში, არ ყოფილა არც ერთი თამაში, სადაც გოლი არ გაეტანოს.
გავიგე, რომ შემდეგ სანდრო გადავიდა უფრო ძლიერ გუნდში და ცნობილ უნგრელ მწვრთნელთან  ბუზაშთან.
– 2020 წლის ივნისში გადავიდა უნგრეთის 12 წლამდელთა კლუბ „მაცში“ ( MAC). 10 წლის სანდრო თამაშობდა როგორც 12 წლამდელთა ასევე 14 წლის მოზარდების წინააღმდეგ. ამ ორივე გუნდში გუნდის კაპიტანი იყო.
2021 წელს  სამჯერ იყო იმ მასტერ-კლასის შეკრებებზე ლიეტუვაში, რომელიც ნორჩი ჰოკეისტებისთვის მოაწყო აშშ-ში მოღვაწე წარმატებულმა და ტიტულოვანმა ქართველმა  მწვრთნელმა ბესარიონ ცინცაძემ (ის იყო NHL გუნდების «პიტსბურგის» და «ბოსტონის»  სამწვრთნელო შტაბში და ორჯერ გახდა სტენლის თასის გამარჯვებული, ამჟამად მუშაობს კლუბ «ნიუორკ აილენდერსის» სამწვრთნელ შტაბში).  2021 წლის ოქტომბერში სანდრო დაბრუნდა თბილისში და 2022 წლის 31 იანვრამდე ვარჯიშობდა თბილისის ყინულზე, საქართველოს ჰოკეის ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან როლანდ სვანიძესთან.
ამ სტრიქონების ავტორმა მოიპოვა უნგრელი მწვრთნელის ნორბერტ ბუზაშის მიერ სანდროს დახასიათება. 2021 წლის სექტემბერში ის აღნიშნავდა, რომ სანდრო მაკარიძე ნიჭიერი მოთამაშეა, რომელის წარმატებით თამაშობს  ბუდაპეშტის ჰოკეის აკადემიის „MAC“(მაც) 12 წლიანთა გუნდში. «გუნდში მოსვლის დღიდან სანდრო სწრაფად განვითარდა და უმოკლეს პერიოდში გადავიდა პირველი კატეგორიის ჯგუფში. მიმდინარე სეზონის ფინალურ შეხვედრებს კი თამაშობს მასზე უფროსი ასაკის მოზარდების წინააღმდეგ (U14). მისი ნებისყოფა და დამოკიდებულება ვარჯიშების მიმართ სამაგალითოა. განვითარებისათვის ყინულზე ძალისხმევას არ იშურებს და შედეგად მიაღწია ძალიან დიდ პროგრესს. სწორედ ამ ძალისხმევის წყალობით მოახერხა მან გამხდარიყო გუნდის ლიდერი. იგი საუკეთესოა არა მხოლოდ თავის გუნდში, არამედ მთელს უნგრეთში. მისი უმთავრესი სიძლიერე ყინულზე მისი გაბედულებაა, იგი დაბადებულია როგორც ლიდერი. ეს უნარი  არ ისწავლება, ბევრი მოთამაშის კარიერაში ამგვარი რამ არ ხდება, რადგან ასეთად უნდა დაიბადო. სანდრო თანაგუნდელებისთვის მისაბაძია. მას შეუძლია მთელი გუნდი წაიყვანოს გამარჯვების მომტანი მიმართულებით. ყინულზე მოძრაობის თვალსაზრისით, მისი ტექნიკური შესაძლებლობები მუდმივად განვითარებადია. იგი გამოირჩევა სისწრაფითა და დინამიკური მანევრირების უნარით. მას გააჩნია ჰოკეის შაიბის ფლობის შესანიშნავი უნარი. ხელების მოძრაობის ტექნიკა საოცრად დახვეწილი აქვს. ძალზედ კარგად ურტყამს კარში და აქვს გოლის გატანის მაღალი ინსტიქტი, რაც ასევე არ ისწავლება და თანდაყოლილი ნიჭია.მისი „ჰოკეის შეგრძნება“ საუკეთესოა. თამაშისას, სწრაფად აცნობიერებს მის უპირატესობებს და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, რაც იშვიათია მისი ასაკის მოზარდისთვის. იგი ასევე სამაგალითოა ყინულს გარეთაც. გასახდელშიც ლიდერია და მეგობრული დამოკიდებულება აქვს თანაგუნდელებთან. მამაცურად, ყოველთვის სიმართლის მხარეს დგას, თუნდაც ამის გამო დაპირისპირება მოუხდეს მასზე ტანად დიდ და ასაკით უფროს მოთამაშეებთან. მისი წასვლა დიდი დანაკლისია გუნდისთვის, როგორც ადამიანურად, ასევე პროფესიონალური თვალსაზრისით. ჩვენს გუნდში დარჩენით, მისი ცოდნითა და შთაგონებით იგი შეძლებდა უნგრეთის მომავალი ჰოკეის ნაკრების უფრო მაღალ დონეზე აყვანას» – ამბობს ნ. ბუზაში.
საჭიროა აღვნიშნოთ, რომ მშობლების პარიზში სამუშაოდ და საცხოვრებლად გადასვლის გამო 11 წლის სანდრო  2022 წლის 4 თებერვლიდან საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობს – არის ბულონ ბილანკურის 13 წლამდელთა გუნდის  „ACBB“ ფორვარდი. სანდროს კლუბში გადასვლა სეზონის ბოლოს მოუწია, თუმცა, 4 თამაშში 9 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასიც მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. 2022 წლის 3 აპრილს სანდრო  გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი გახდა (U13).
2022 წლის 9-11 აპრილს სანდრომ თავის ფრანგულ გუნდთან ერთად იასპარეზა შვეიცარიის ქალაქ ბელინზონაში საერთაშორისო ტურნირში(U-15 ), რომელშიც საფრანგეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის 11 გუნდი თამაშობდა. შვეიცარიაში სანდრომ 4 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასიც მიითვალა. 16-17 აპრილს კი სანდრომ თავის გუნდთან „ACBB» ერთად  მონაწილეობა მიიღო  საერთაშორისო ტურნირში„კოპიენის თასი“(«Tournoi de Compiègne 2022») , რომელშიც მონაწილეობდნენ  4 ფრანგული და 1 პოლონური გუნდები(U-13 ) . სანდრომ 2 დღის განმავლობაში თავის გუნდთან ერთად ჩაატარა 7 თამაში და რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა- 7 მატჩში ჯამში გაიტანა 29 გოლი (4-9-2-3-7-3-1). მისი გუნდი ამ ტურნირის ჩემპიონი გახდა, ხოლო სანდრო დასახელდა «კოპიენის თასის» საუკეთესო მოთამაშედ (იხ.ფოტო).
ამ სტრიქონების ავტორი ესაუბრა პარიზში მყოფ სანდროს. მან მითხრა, რომ მისი ოცნებაა «გახდეს მაღალი დონის პროფესიონალი ჰოკეისტი, ითამაშოს NHL კლუბში და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში». «მე თვალყურს ვადევნებ საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებს, მომავალში ძალიან მინდა გავხდე საქართველოს ნაკრების წევრი და ვითამაშო მსოფლიო ჩემპიონატზე»-მიამბო  11 წლის სანდრომ. ის გუნდში გამოდის 85 ნომრით-ეს შემთხვევით არ არის. “მამაჩემი 1985 წელს არის დაბადებული, ამიტომ ავირჩიე ეს ნომერი. მინდა გადავცე თბილი მოკითხვა საქართველოს, ჩემ ნათესავებს, ახლობლებს საქართველოში, მინდა ვუსურვო წარმატებები საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებს“ – მითხრა სანდრომ.

სანდრო მაკარიძე თავისი მუდმივი ნომრით 85

სანდრო მაკარიძე და ბესარიონ ცინცაძე შეკრებაზე ვილნიუსში

2021 წელი, სანდრო მაკარიძე უნგრეთის კლუბ “მაც”-ის  ჰოკეისტი


სანდრო მაკარიძე -უნგრეთის „იეგკერტის“ ბავშვთა გუნდში

კლუბ „ACBB” თავდამსხმელი სანდრო მაკარიძე (საფრანგეთის 2022 წლის ჩემპიონი,U-13)   და მამამისი ბექა მაკარიძე

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი 

ფოტოები ს. მაკარიძის არქივიდან