ბენზემამ ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გააუმჯობესა

0
8

ქარიმ ბენზემა მადრიდის “რეალის” არსებობის ისტორიაში მესამე ბომბარდირია. ესპანეთის ლა ლიგის 32-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სევილიასა” და “რეალს” შორის უაღრესად დრამატული აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მატჩის მსვლელობის დროს ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, საბოლოოდ სამი ქულა მადრიდელებს დარჩათ.
ივან რაკიჩიტმა 21-ე წუთზე მასპინძლები საჯარიმო დარტყმიდან გატანილი ლამაზი გოლით დააწინაურა. 25-ე წუთზე ერიკ ლამელამ მადრიდელთა კარი მეორედ აიღო. 50-ე წუთზე კარვახალის გადაცემის შემდეგ როდრიგომ ანგარიშში სხვაობა ერთი ბურთით შეამცირა. 82-ე წუთზე, იმავე კარვახალის პასით ნაჩომ თანაფარდობა აღადგინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე როდრიგოს პასით ბენზემამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მან “რეალის” მაისურით ლა ლიგაში 217 გოლი გაიტანა და ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი ერთი ბურთით გააუმჯობესა. ამ მაჩვენებლით საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფორვარდი მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (311 გოლი) და რაულს (228 გოლი) ჩამორჩება. მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირში ჩატარებულ 39 თამაშში მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.
მან ამ სეზონში ლა ლიგის 28 თამაშში 25 გოლი გაიტანა, რაც მისი პირადი რეკორდია. მანამდე, საუკეთესო შედეგი 2015-2016 წლების სეზონში ჰქონდა – 27 შეხვედრაში 24 ბურთი.