კავკასიამ ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

0
10

“ა” ლიგის ფინალურ სერიაში ანგარიში თანაბარია. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა “კავკასიამ” სერიის მეორე შეხვედრა 13 ქულის სხვაობით – 72:59 მოუგო “ასტრალს” და საერთო ანგარიში 1:1 გახდა. კონკრეტულ მატჩში მოგებულ ქულებს მნიშვნელობა არ აქვს – სერიაში მხოლოდ გამარჯვებები ითვლება და “ა” ლიგის ჩემპიონიც ის გუნდი გახდება, რომელიც 3 მოგებას მოიპოვებს.
სერიის მეორე შეხვედრა თავიდან საკმაოდ დაძაბული იყო. ორივე გუნდმა განსხვავებული სასტარტო ხუთეულით დაიწყო. გამთამაშებლის პოზიციაზე გუნდებმა ახალგაზრდა, შედარებით გამოუცდელი მოთამაშეები დააყენეს – “ასტრალმა” საბა გურეშიძე, ხოლო “კავკასიამ” საბა ფარღალავა. ახალგაზრდებმა 3-4 წუთი ითამაშეს და სათადარიგოთა სკამზე მატჩის ბოლომდე გადაინაცვლეს.
ვატო თევზაძისა და მოთამაშე მწვრთნელის, ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი “ასტრალი” მცირე სხვაობით უგებდა “კავკასიას” და პირველი პერიოდიც ლიდერის როლში დაასრულა – 13:12. მეორე ათწუთეულის შუიდან კავკასიელთა უპირატესობა გამოიკვეთა. საკმაოდ აქტიური იყო ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც მაიკ ბალოგანთან ერთად სწრაფ გარღვევებს ახორციელებდა, რაც შეეხება შორ სროლებს, ორივე გუნდი სცოდავდა და თამაშის ბოლოს ორივეს მხოლოდ 5-5 ჩაგდებული სამქულიანი დაუგროვდათ.
მეორე პერიოდის დასკვნით წუთებში კავკასიელებმა გაქცევა მოაწყვეს და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით – 34:28. ამის შემდეგ ასტრალი აღარ გალიდერებულა. მეტიც, დიდი შესვენებიდან დაბრუნებულმა კავკასიელებმა მეტოქეს მედგარი დაცვა დაახვედრეს, ხოლო შეტევაში ქულებს მეტოქეზე მეტი წარმატებით იხვეჭდნენ და როცა მესამე პერიოდში ანგარიშში სხვაობამ 16 ქულას მიაღწია, შეხვედრის ბედიც ფაქტობრივად გაირკვა. დარჩენილ დროში “კავკასიამ” მშვიდად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
გამარჯვებულთაგან 14 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო მარკიზ მეიფილდი. 14 ქულა დააგროვა ლევან გოგიჩაიშვილმაც, ხოლო გიორგი რუხაძის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა. “ასტრალში” 10 ქულით, 12 მოხსნითა და 3 ჩაჭრით საუკეთესო იყო ევან მილიგანი. 12 ქულა გიორგი მეცხოვრიშვილმა დააგროვა, ვასო კუტალაძის ანგარიშზე კი 7-7 ქულა-მოხსნა დაგროვდა.
ფინალური სერიის მე-3 მატჩი 18 აპრილს ჩატარდება.