მამარდაშვილის წაუგებელი სერია შეწყდა

0
10

გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ლა ლიგაში „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა. 32-ე ტურში „ვალენსიამ“ „ოსასუნას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა – 1:2.
მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს ფაქტობრივად საქმე არ ჰქონია – მისი კარის მიმართულებით ჩიმი ავლიამ დაახლოებით 50 მეტრიდან დაარტყა და ბურთის დაჭერა არ გაჭირვებია. მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე ავილამ მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში პასი გააკეთა და დიმიტრი ფულკიეს ბურთი ხელში მოხვდა, რის გამო, მთავარმა მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩიმი ავილამ თერთმეტმეტრიანი გამოიყენა – მამარდაშვილმა დარტყმის კუთხე გამოიცნო და ბურთს ხელით შეეხო, მაგრამ ვერ მოიგერია.
74-ე წუთზე, რუბენ გარსიამ მარცხენა ფრთიდან „ვალენსიას“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ანტე ბუდიმირმა საჰაერო ორთაბრძოლა ორ მეტოქეს მოუგო და თავით შორეულ კუთხეში ძალიან ეფექტური გოლი გაიტანა – 0:2.
82-ე წუთზე, რუბენ გარსიამ თავის საჯარიმოში გონსალო გედეში წააქცია და მსაჯის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი „დადო“, რომელიც კარლოს სოლერმა გამოიყენა – 1:2. დარჩენილ დროში „ვალენსიამ“ მეტი გოლი ვერ გაიტანა და ლა ლიგაში ხოსე ბორდალასის გაწვრთნილი გუნდის 7-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგის 30-ე ტურში დრეზდენის „დინამომ“ „ჰოლშტაინ კილი“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხენა მცველი გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა სასტარტოში არც ამჯერად იყო და თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო. „დინამო“ 29 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილზეა.