“რუსთავმა” “დინამო” დაამარცხა და გადათამაშებას გადაურჩა

0
10

15 აპრილს სუპერლიგის 1 შეხვედრა გაიმართა, რომელმაც გაარკვია, რომ “რუსთავი” მე-10 ადგილს აღარ დაიკავებს და შესაბამისად, ამ გუნდმა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ საკვალიფიკაციო სერიაში მონაწილეობა თავიდან აირიდა. ანატოლი ბოისას გაწვრთნილ რუსთაველებს ეს შესაძლებლობა “დინამოს” დამარცხებამ (85:69) მოუტანა, რის შემდეგაც ის “კაკტუსისთვის” მიუწვდომელი გახდა.
საკუთრივ “კაკტუსი”, რომელსაც რეგულარულ ჩემპიონატში ერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ზემოხსენებული საკვალიფიკაციო სერიისთვის თითქმის განწირულია. გადათამაშებაში მონაწილეობა რომ თავიდან აირიდოს, ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი “კაკტუსი” მხოლოდ თავის თავზე არაა დამოკიდებული. კერძოდ, კაკტუსმა ბოლო ტურში “მეგას” მინიმუმ 25 ქულით უნდა მოუგოს, ხოლო “მეგასა” და “ცხუმ-აფხაზეთის” დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ეს პირობები იმ გარემოებამ მოიტანა, რომ “კაკტუსს” “ცხუმ-აფხაზეთთან” რეგულარულის ორივე შეხვედრა აქვს წაგებული, ხოლო “მეგასთან” კაკტუსელებს პირველ წრეში 24-ქულიანი მარცხი უმძიმებს ყოფას.
კიდევ ერთი რეალობა ისაა, რომ ეს 3 გუნდი – კაკტუსი, მეგა, ცხუმ-აფხაზეთი – რეგულარულს თანაბარი ქულებით ვერ დაასრულებს. შესაბამისად, თუკი ცხუმ-აფხაზეთი აღმოჩნდება კაკტუსთან თანაბრად, ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობებს, ხოლო თუკი მეგა დარჩება კაკტუსთან თანაბრად, აი ამ შემთხვევაში სჭირდება კაკტუსს ბოლო ტურში მეგას 25 ქულით დამარცხება.
შესაბამისად, როგორც რუსთავი, ისე ცხუმ-აფხაზეთიც თავისუფალია მე-10 ადგილის დაკავებისგან და დარჩენილ მატჩებში ამ კუთხით იმასღა შევიტყობთ, სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციოში “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან “კაკტუსი” ითამაშებს თუ “მეგა”.
რაც შეეხება დინამოს, მისი ამბავი, რომ ბოლო ადგილს დაიკავებდა, რაც “ა” ლიგაში დაქვეითებას ნიშნავს, აქამდეც გარკვეული იყო.