“სიტი” ნახევარფინალში “რეალს” შეხვდება, “ლივერპული” – “ვილიარეალს”

0
10

უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წყვილები გაირკვა. პეპ გვარდიოლას გაწვრთნილმა “მანჩესტერ სიტიმ” 1/4-ფინალის პირველ მატჩში შინ დიეგო სიმეონეს მადრიდის “ატლეტიკო” 1:0 დაამარცხა, ხოლო საპასუხო შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. მატჩის ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. “ატლეტიკოს” და “სიტის” ფეხბურთელები ერთმანეთს ჯერ მოედანზე დაუპირისპირდნენ, ხოლო თამაშის შემდეგ გასახდელებისკენ მიმავალ გვირაბში.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მიწურულის “ატლეტიკოს” გულშემატკივრებმა გვარდიოლას შეურაცხყოფა მიაყენეს. კერძიოდ, ისინი სკანდირებდნენ: “პეპ გვარდიოლა მეძავის შვილი”.
“სიტი” ნახევარფინალში მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 26 აპრილს მანჩესტერში ჩატარდები, საპასუხო კი 4 მაისს მადრიდში.
მანჩესტერელები ტურნირის ამ სტადიაზე ზედიზედ მეორედ, ხოლო არსებობის ისტორიაში მესამედ ითამაშებენ.
გვარდიოლას გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეცხრედ მოხვდნენ, რაც ტურნირის რეკორდია. კარლო ანჩელოტიმ (“რეალი”) და ჟოზე მოურინიომ (“რომა”) თავისი გუნდები ნახევარფინალში 8-8-ჯერ გაიყვანეს.
“მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 100 მატჩიდან 55 მოიგო, რაც ტურნირის ისტორიაში მეორე შედეგია. ამ მხრივ რეკორდი “რეალს” ეკუთვნის, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში გამართული საწყის 100 შეხვედრაში 57-ჯერ გაიმარჯვა.
“ატლეტიკოს” 2020 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში სახლში თამაში არ მოუგია.

“ლივერპულმა” 1/4-ფინალის პირველი მატჩი სტუმრად ლისაბონის “ბენფიკას” 3:1 მოუგო, ხოლო საპასუხო დაპირსპირებაში უხვგოლიანი ფრე დაფიქსირდა. პორტუგალიაში ჩატარებული თამაშის მსგავსად ინგლისელები ამჯერადაც კონატემ დააწინაურა, რომელმაც 21-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა. 32-ე წუთზე “ბენფიკადან” ანგარიში გონსალო რამოსმა გაათანაბრა. 55-ე წუთზე რობერტო ფირმინომ სტუმართა მეკარისა და დაცვის უხეში შეცდომის შემდეგ მასპინძლები წინ გაიყვანა, ხოლო 10 წუთში ბრაზილიელმა დუბლი მიითვალა. 73-ე წუთზე უკრაინელმა რომან იარემჩუკმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა, 81-ე წუთზე კი, დარვინ ნუნიესმა მერსისაიდელთა კარი კიდევ ერთხელ აიღო – 3:3. “ლივერპული” ნახევარფინალში ესპანეთის “ვილიარეალს” შეხვდება. ამ გუნდებს შორის პირველი თამაში 27 აპრილს ლივერპულში ჩატარდება, საპასუხო კი 3 მაისს ვილიარეალში. მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში მეთორმეტედ გავიდნენ, რაც ინგლისური  კლუბებისთვის რეკორდია.