„საბურთალომ“ „დინამოსთან“ გამარჯვება ხელიდან ბოლო წუთზე გაუშვა

0
4

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის გადადებული ტურის ცენტრალური შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც თბილისურ დერბიში „საბურთალომ“ „დინამოს“ უმასპინძლა და სამი ქულის აღების შანსი ბოლო წუთზე გაუშვა.
შეხვედრა „დინამოსთვის“ უიღბლოდ დაწიყო, რადგან მე-8 წუთზე განელი ფორვარდი ოსეი ბარნსი დაშავდა და მის მაგივრად თამაშში უკრაინელი სტანისლავ ბილენკი ჩაერთო.
33-ე წუთზე ხორვატ ბენედიკ მიოჩიმ მარცხენა ფრთიდან კუთხური ჩააწოდა და მეტოქის საჯარიმოში ყველას ბაქარ ქარდავამ დაასწრო, რომელმაც თავით ბურთი ყოფილი გუნდის კარის ბადეში გაგზავნა – 1:0. მან გატანილი გოლი არ აღუნიშნავს. 56-ე წუთზე ბელარუსი დმიტრი ანტილევსკიმ ტრავმა მიიღო და კახა ცხადაძის იძულებით მეორე ფეხბურთელის შეცვლა მოუწია.
57-ე წუთზე ნიკა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში პასი გააკეთა და ბურთი მასპინძელთა მცველის ფეხიდან გვინეელ კამარას მიუვიდა, რომელმაც ახლო მანძიიდან ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
მთავარ მსაჯ ირაკლი კვირიკაშვილის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მარცხენა ფლანგიდან ლევან ხარაბაძემ ბურთი „საბურთალოს“ საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც გიორგი გაბედავამ მეტოქე მცველებს აჯობა და თავით საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა – 1:1. მან ყოფილი გუნდის კარის აღება არ აღნიშნა.
“დინამო” 14 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა, “საბურთალო” კი 9 ქულით – მეექვსეა.
მე-5 ტურის კიდევ ერთი შეხვედრა თელავში „კავკასიონ არენაზე“ შედგა, სადაც ადგილობრივმა „თელავმა“ გიორგი ჭელიძის თავკაცობით ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო და გუნდები ერთმანეთს გატანილი გოლების გარეშე დაშორდნენ. „თელავი“ 10 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო გია ცეცაძის გაწვრთნილი „ტორპედო“ ამდენივე ქულით მეხუთე.