“რეალმა” “ბეწვის ხიდზე” გაიარა, “ვილიარეალის” სენსაცია მიუნხენში

0
11

მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში დრამატული ორთაბრძოლის შემდეგ გავიდა. პირველ შეხვედრაში სტუმრად ლონდონის “ჩელსისთან” 3:1 მოგების შემდეგ, ესაძლოა ბევრი ფიქრობდა, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი შემდეგ ეტაპზე იოლად მოხვდებოდა, მაგრამ მადრიდელებმა “ბეწვის ხიდზე” გაიარეს. თომას ტუხელის შეგირდები მხოლოდ ქებას იმსახურებენ და ერთი ნაბიჯი დააკლდათ, რომ “სამეფო კლუბი” გათამაშებიდან გამოეთიშათ.
“ჩელსიმ” პირველი წუთიდან მაღალ პრესინგს მიმართა და ცდილობდა მეტოქე მისსავე მოედანზე შეევიწროებინა. მე-15 წუთზე ლონდონელთა კარგი კომბინაციის შემდეგ, ტიმმო ვერნერმა საუცხოო პასი მისცა მადრიდელთა საჯარიმოში გახსნი მეისონ მაუნტს, რომელმაც “მოჭრილი” დარტყმით კურტუას შორეულ კუთხეში გაუტანა – 0:1.
51-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მაუნტმა კუთხური ჩააწოდა და რუდიგერმა თავური დარტყმით “ჩელსი” კიდევ უფრო წინ გაიყვანა – 0:1. ამის შემდეგ ლონდონელებიდან გოლი მარკოს ალონსომ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ ესპანელს დარტყმამდე ბურთი ხელზე მოხვდა და ამიტომ, ანგარიში არ შეცვლილა. 75-ე წუთზე, მადრიდელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ვერნერმა ცრუ მოძრაობით გვერდი ჯერ კაზემიროს აუარა, შემდეგ ნაჩოს და “რეალის” კარი მესამედ აიღო.
მადრიდელებო თითქოს გამოუვალ ვითარებაში ჩავარდნენ, მაგრამ მათ “სანტიაგო ბერნაბეუზე” არაერთი შეხვედრა შემოუტრიალებიათ და ამჯერადაც ასე მოხდა. მე-80 წუთზე ლუკა მოდრიჩმა ჩვეულ სტილში გარე ტერფით უზუსტესი გადაცემა გაუკეთა სტუმართა საჯარიმოში როდრიგოს, რომელმაც ბურთი მიწაზე დაუშვებლად მენდის კარში გაგზავნა.
დამატებით დროში ვინისიუს ჟუნიორისა და ქარიმ ბენზემას ტანდემი ამუშავდა. 96-ე წუტზე ბრაზილიელი გარემარბი ინგლისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შევიდა და თავზე “დაასვა” ბურთი ფრანგ ფორვარდს, რომელმაც თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა – 2:3. ბენზემამ “ჩელსისთან” ჩატარებულ 1/4-ფინალის ორ შეხვედრაში თავით სამი გოლი გაიტანა. ის 12 გოლით მიმდინარე ტურნირის საუკეთესო ბომბარდირებში მეორედ და მხოლოდ “ბაიერნის” ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის (13 გოლი) ჩამორჩება.
დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა და “რეალი” ბოლო 12 სეზონის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში მეათედ გავიდა.
მადრიდელებმა არსებობის ისტორიაში ტურნირის მოქმედი გამარჯვებული გათამაშებას მეცხრედ გამოთიშეს რაც რეკორდია. ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში ოთხი ათეული წლის განმავლობაში ზედიზედ გავიდა.
“ჩელსი” ისტორიაში მეორე ინგლისური გუნდია, რომელმაც ევროთასებზე “რეალის” მოედანზე 3 გოლი გაიტანა.
ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 7 ბურთი გაიტანა და კრიშტიანუ რონალდუს რეკორდამდე 3 გოლი აკლია.
“ვილიარეალმა” სენსაცია “გამოაცხო” და გათამაშებას მიუნხენის “ბაიერნი” გამოთიშა. პირველ შეხვედრაში სახლში გერმანელების 1:0 დამარცხების მერე, უნაი ემერის გუნდმა სტუმრად 1:1 ითამაშა. მიუნხენელები 52-ე წუთზე ლევანდოვსკიმ დააწინაურა და ესპანელები 88-ე წუთამდე აგებდნენ, ხოლო საპასუხო გოლი ჩუკუვეზემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთადერთი მომენტი იყო, როდესაც “ვილიარეალის” ფეხბურთელებმა ბურთი მეტოქის კარის ჩარჩოში მოახვედრეს. “ყვითელი წყალქვეშა ნავი” ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში არსებობის ისტორიაში მეორედ გავიდა.
“ბაიერნი” ევროპის ყველაზე პრესტიჟულა საკლუბო ტურნირს 1/4-ფინალში ზედიზედ მეორედ გამოეთიშა.