ქართული ბრიგადა სუპერთასის ნახევარფინალს იმსაჯებს

0
2

რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალურ შეხვედრას, პორტუგალიური ‘ლუზიტანუშსა’ და ‘თელავივ ჰითს’ შორს ქართული სამსაჯო ბრიგადა განსჯის.
თამაში 16 აპრილს, პორტუგალიაში გაიმართება და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება. მას კიდეებიდან სულხან ჩიხლაძე და სოსო ჯაფარიძე დაეხმარებიან.
„სასიხარულოა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის განსჯა ქართულ სამსაჯო ბრიგადას გვანდეს. ‘ლუზიტანუში’ და ‘თელავივ ჰითი’ ამ ტურნირზე ორი ყველაზე სწრაფი, ტექნიკურად დახვეწილი გუნდია და ვფიქრობ, საინტერესო თამაში გველის“ – ამბობს 28 წლის თევზაძე.
საკლუბო დონეზე, ცენტრალური მსაჯის რანგში, შოთასთვის ეს ყველაზე ტიტულოვანი თამაშია. აქამდე მას ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ თასზე გვერდით მსაჯად უმუშავია და იმედოვნებს, რომ პორტუგალიაში კარგი პერფორმანსით, მომავალ სეზონში ევროპის პროფესიულ საკლუბო ტურნირებშიც მიიღებს დანიშვნას:
„რაგბი ევროპა მსგავსი სირთულის სანაკრებო თამაშებს არასდროს მარიდებდა და სავარაუდოდ, დანიშვნას ფინალურ მატჩზე მივიღებდი, მაგრამ დიდი ალბათობით, იქ ქართული გუნდი (შავი ლომი) ითამაშებს და ამიტომ, ჩვენ ნახევარფინალს ვიმსაჯებთ. ჩემი მიზანია, რომ მომავალ სეზონში დანიშვნა ჩელენჯ თასზე მივიღო და აქ ჩატარებული ყველა მნიშვნელოვანი თამაში სწორედ ამის საწინდარია“.
პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, რაგბი და ამ შემთხვევაში შოთა თევზაძე განვითარების ჩვეულ გზას დაუბრუნდა. წელს მან 20-წლამდელთა ექვს ერზე უელსისა და საფრანგეთის მატჩი იმსაჯა (ირლანდია-შოტლანდიაზე გვერდითი მსაჯი იყო), უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ახალი, მაღალი დონის დანიშვნების მოლოდინშია:
„ყოველი ასეთი დანიშვნა პლაცდარმია უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად. პანდემიამ ხელი შემიშალა, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ დიდი მიზნებისკენ. დარწმუნებული ვარ ამ თამაშს კარგად გავართმევთ თავს და მომავალი სეზონიდან, ჩემი სახელით, ქართულ რაგბს და სამსაჯო კორპუსს არაერთხელ ვასახელებ“.
‘ლუზიტანუშსა’ და ‘თელავივს’ შორის გამარჯვებული, რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში ‘შავ ლომსა’ და ესპანურ ‘იბერიანზს’ შორის უკეთესს შეხვდება. ‘შავი ლომი’ ნახევარფინალურ შეხვედრას 17 აპრილს, 18 საათზე „ავჭალაზე“ გამართავს, ფინალი კი 8 მაისსაა ჩანიშნული. მისი ჩატარების ადგილი ნახევარფინალური შეხვედრების შედეგზეა დამოკიდებული.