“დინამომ” სუპერლიგაში დარჩენის შანსი დაკარგა

0
11

სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან მასპინძლებმა იმარჯვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან “ა” ლიგაში დაქვეითდა. “ოლიმპის” ძლევით აღებული 2 ქულით რუსთაველები “დინამოსთვის” მიუწვდომელნი გახდნენ. დღემდე მხოლოდ “რუსთავი” გახლდათ ის გუნდი, რომლის გადასწრების შანსი დინამოელებს ჰქონდათ.
1991 წლიდან დღემდე, თბილისის “დინამო” საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. დინამოელებს საქართველოს ჩემპიონობა 5-ჯერ: 1991, 2003, 2014, 2017 და 2018 წლებში აქვთ მოგებული. 2021-2022 წლების სეზონი ლეგენდარული ქართული კლუბისთვის წარუმატებელი გამოდგა. რეგულარული ჩემპიონატის დამთავრებამდე 3 ტურით ადრე გუნდმა სუპერლიგაში ადგილი დაკარგა. დებულებით, ბოლო ადგილზე გასული გუნდი ლიგას ტოვებს და დინამოელებს 17 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 გამარჯვება აქვთ და ბოლო ადგილისთვის განწირულნი არიან.
“რუსთავმა” კი “ოლიმპის” ძლევით სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი ნაბიჯი გადადგა. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ბოლო წამებზე – მასპინძლების სასარგებლოდ გადაწყდა – 84:82. “ოლიმპს” გამარჯვება საიმისოდ სჭირდებოდა, რომ დარჩენილ მატჩებში ეგებ როგორმე მოეხერხებინა “ქუთაისის” გადასწრება, რათა ამ გუნდთან პლეი ოფში შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში მოედნის უპირატესობა ჰქონოდა. ქუთაისელთა გადასწრების შანსი ოლიმპელებს შერჩათ, მაგრამ ძალიან მცირე.
იმერეთის რეგიონში გამართულ მატჩში “ქუთაისმა” დამაჯერებლად – 72:53 დაამარცხა “ტიტები”. ამით იმერული კლუბი აგრძელებს ლიდერი თსუ-ს დევნას, ხოლო “ტიტებმა” მარცხის მიუხედავად ცხრილში მე-6 ადგილი შეინარჩუნა და სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ სერიაში თამაში, ანუ მე-10 ადგილის დაკავება სხვა კონკურენტებზე ნაკლებად ემუქრება.

გუნდი მ/წ
1. თსუ 14/3 31
2. ქუთაისი 13/4 30
3. ოლიმპი 11/6 28
4. ვერა 10/8 28
5. ბათუმი 10/7 27
6. ტიტები 8/9 25
7. ცხუმ-აფხაზეთი 7/11 25
8. კაკტუსი 6/13 25
9. რუსთავი 7/11 25
10. მეგა 7/10 24
11. დინამო 3/14 20