ხოჭოლავას „კოპენჰაგენის“ გამარჯვება უშუალო კონკურენტთან

0
2

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, დანიის ჩემპიონატში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. ზედა ექვსეულის მე-2 ტურში კოპენჰაგენელები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ „მიდტიულანდს“ შინ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს.
თამაშის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 63-ე წუთზე ლერაგერმა გამარჯვების გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი ხოჭოლავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „კოპენჰაგენი“ ჩემპიონატში 54 ქულით ლიდერობს და მეორე ადგილზე მყოფ „მიდტიულანდს“ 9 ქულით ასწრებს.