“დინამოს” გავარდნისგან მხოლოდ სასწაული იხსნის

0
3

სამწუხარო ამბავი ქართულ კალათბურთში: ქვეყნის ყველაზე ცნობილი კლუბი, რომელსაც საბჭოეთის ხანაში ევროპის ჩემპიონთა თასი მოუგია, ხოლო დამოუკიდებლობის ეპოქაში ყველა ეროვნულ ჩემპიონატში აქვს ნათამაშები, სუპერლიგიდან დაქვეითების მიჯნაზეა. დინამოელებს თეორიული შანსები დარჩათ, თუმცა მისი განხორციელება ფანტასტიკის სფეროა.
სუპერლიგაში დარჩენის შანსი რომ ფაქტობრივად დაკარგა, “დინამოს” ხელმძღვანელობამ კლუბიდან ლეგიონერები გაუშვა და დარჩენილი თამაშები რომ ჩაემთავრებინა, შემადგენლობა რამდენიმე 18-წლამდელი კალათბურთელით შეივსო. მორიგი მარცხი დინამოელებმა 10 აპრილს გამართულ “ვერასთან” მატჩში განიცადეს – 72:89, რითაც იმ მიჯნას მიადგნენ, რასაც ბოლო ადგილის ოფიციალურად გაფორმება ჰქვია.
თეორიული შანსი ვახსენეთ და ის იმაში მდგომარეობს, რომ დინამოელებმა რეგულარულ ჩემპიონატში სამივე შეხვედრა მოიგონ, ხოლო ერთადერთმა გუნდმა “რუსთავმა”, რომელსაც ბოლო ადგილზე გასვლის თეორიული საფრთხე ემუქრება, სამივე მატჩი წააგოს. თანაც, ეს გუნდები ერთ-ერთ ტურში ერთმანეთს ხვდებიან.