„რომამ“ „ბოდო-გლიმტთან“ ისევ წააგო, მოურინიო მოედნით უკმაყოფილოა

0
10

კონფერენს ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში „რომა“ სტუმრად ნორვეგიის „ბოდო-გლიმტს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა. სტუმრებიდან ანგარიში 43-ე წუთზე პელეგრინიმ გახსნა. მასპინძლებიდან 56-ე წუთზე საპასუხო ბურთი სალტნესმა გაიტანა. 89-ე ვეტლესენმა მეტოქის კარი აიღო და „ბოდო-გლიმტს“ მოაგებინა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზეც შეხვდნენ – ნორვეგიელებმა შინ 6:1 გაიმარჯვეს, ხოლო სტუმრად 2:2 ითამაშეს.
მატჩის შემდეგ რომაელთა მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო მოედნის საფარით უკმაყოფილო დარჩა.
„მათ ორი გოლი სტანდარტული სიტუაციიდან და რიკოშეტით გაგვიტანეს. სტანდარტულებიდან ჩვენც ბევრი გოლი გაგვაქვს. თუმცა, ასეთი ბურთების გაშვებას, გატანა სჯობს. გულწრფელად გეტყვით, რომ ყველაზე მეტად მანჩინის ტრავმა მაწუხებს. ეს შეშფოთებას იწვევს და ტრავმა პლასტიკურ გაზონზე თამაშმა გამოიწვია. ხალხმა გადაწყვიტა, რომ ევროთასების მატჩების ჩატარება ასეთ მოედნებზე შეიძლება. ჩვენ ამას ვერ ვაკონტროლებთ.
1:2 წავაგეთ და საპასუხო მატჩი ჩვენი გულშემატკივრების წინაშე „ოლიმპიკოზე“ გველოდება. უპრობლემოდ შემიძლია ვთქვა, რომ 1/2-ფინალში გასვლის ფავორიტები ვართ.
ჩემი მოთამაშეების, სტადიონის და გულშემატკივრების სავსებით მჯერა. ნათელია, რომ „ბოდო-გლიმტი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ ასევე მჯერა, რომ საპასუხო მატჩში კარგი მსაჯი და ასისტენტი იქნება.
რომში როდესაც მათ ვეთამაშეთ მსაჯმა მეტოქის კარში 2 „სუფთა“ პენალტი ვერ დაინახა, ხოლო დღეს 2 შეტევა გვქონდა, რომლებშიც ოფსაიდი დააფიქსირა. პირველი ტაიმი სულელური სიტუაციით დასრულდა, როდესაც თამაშგარე აუტის ჩაწოდების დროს დაფიქსირდა, რაც მსაჯების დონეზე მეტყველებს“ – განუცხადა მოურინიომ Sky Sport Italia-ს.