ალექსანდრე ჩივაძის სახელობის ტრიბუნა

0
9
 თბილისის “დინამოს” ლეგენდარულ კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძე 8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენას” სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. აღნიშნული სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.
ფაქტის აღსანიშნავად “დინამო არენას” მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა, კედლის მხატვრობა “დინამო თბილისის” ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი, დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.
​”დინამო არენაზე” ალექსანდრე ჩივაძის სტუმრობის ფარგლებში ჩვენი კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს დინამო თბილისის სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად სამნომრიანი მაისური და კაპიტნის სამკლავური გადასცეს.
სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. “დინამო თბილისი” ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს.