ბენზემას ბენეფისი „სტემფორდ ბრიჯზე“, „ვილიარეალმა“ „ბაიერნს“ აჯობა

0
5

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ შეხვედრაში მადრიდის „რეალი“ ლონდონში „ჩელსის“ ესტუმრა და ქარიმ ბენზემას საუცხოო თამაში ხარჯზე მოიგო. ფრანგმა თავდამსხმელმა სტუმრები 21-ე წუთზე დააწინაურა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ვინისიუს ჟუნიორის გადაცემის შემდეგ თავით ლამაზი გოლი გაიტანა.
24-ე წუთზე „რეალის“ კონტრშეტევის დროს ლუკა მოდრიჩმა უზუსტესი პასით მეტოქის საჯარიმოში ბენზემა მოძებნა და ამ უკანასკნელმა ისევ თავით ეფექტური დუბლი შეასრულა.
ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მასპიძელთა ნახევარმცველმა ასისტენტობა „რეალის“ საჯარიმოში მყოფ კაი ჰავერცს გაუწია, რომელმაც კარვახალს დაასწრო და თავით გაიტანა.
მეორე ტაიმის სტარტზე კარიდან გამოსული მენდი ბურთის მოგერიების დროს შეცდა, რითაც ბენზემამ ისარგებლა და ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან მანამდე 3 გოლი 1/8-ფინალში მადრიდში პსჟ-ს გაუტანა.
ბენზემამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაში 11 გოლი გაიტანა და „ბაიერნის“ ფორვარდ რობერტ ლევანდოვსკის ერთი ბურთით ჩამორჩება. ბენზემა პირველი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში მოწინააღმდეგეთა მეკარეები 10-ზე მეტჯერ დაამწუხრა. მანამდე, რეკორდი ლეგენდარულ ჟიუსტ ფონტენსტ ეკუთვნოდა. რომელმაც ჩემპიონთა თასზე 1957-1958 წლების სეზონში თავის ანგარიშზე 10 გოლი ჩაიწერა.
მან ამ სეზონში მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 36 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 37-ჯერ აიღო. ბენზემამ კარიერის მანძილზე პირველად სეზონში 42 გოლი მიითვალა – 37 „რეალში“, ხოლო 5 საფრანგეთის ნაკრებში.
„რეალსა“ და „ჩელსის“ შორის საპასუხო მატჩი მადრიდში 12 აპრილს ჩატარდება,
„ვილიარეალმა“ „ბაიერნი“ მიიღო და არსებობის ისტორიაში პირველად დაამარცხა. მანამდე, ამ გუნდებს შორის ჩატარებული 8 მატჩიდან გერმანელებმა 5 მოიგეს, სამი კი ფრედ დაამთავრეს.  მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი დანი პარეხოს პასის მერე დანჯუმა გრუნეველდმა გაიტანა. სამართალიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ვილიარელმა“ მეტოქეზე გაცილებით მეტი რეალური საგოლე მომენტი შექმნა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდა. “ბაიერნმა” 2019 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგაში გოლი ვერ გაიტანა. მანამდე, მიუნხენელებმა ზედიზედ 30 შეხვედრაში მეტოქეთა კარის ბადე შეარხიეს.
„ბაიერნი“ „ვილიარელს“ 12 აპრილს მიუნხენში უმასპინძლებს.