„სიტიმ“ „ატლეტიკოს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა, „ლივერპული“ ცალი ფეხით ნახევარფინალშია

0
11

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის პირველ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ მადრიდის „ატლეტიკო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. მადრიდელებმა აქცენტი  დაცვით ფეხბურთზე გააკეთეს და ამ ტატქიკამ პირველ ტაიმში შედეგი გამოიღო. 70-ე წუთამდე მასპინძლებს ფაქტობრივად საგოლე მომენტი არ ჰქონიათ, მაგრამ უკანა ხაზში ერთი შეცდომა მაინც დაუშვეს და ფილ ფოდენის გადაცემის შემდეგ ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა გამარჯვების გოლი გაიტანა. მან ბოლო ერთი წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგაში თავი პირველად გამოიჩინა. გვარდიოლას ხელმძღვანელობით “მანჩესტერ სიტიმ” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჩატარებული 23 შეხვედრიდან 15 მოიგო. მან “ბარსელონაში” მუშაობისას 26 შეხვედრიდან 14-ში გაიმარჯვა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 13 აპრილს მადრიდში „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ შედგება.
„ლივერპული“ ლისაბონის „ბენფიკას“ ეწვია და ზედმეტი გართულების გარეშე 3:1 გაიმარჯვა. მატჩში ანგარიში მე-17 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით ფრანგმა მცველმა კონატემ გახსნა. 34-ე წუთზე „ლივერპულის“ კონტრშეტევის დროს მეორე გოლი სენეგალელმა ფორვარდმა სადიო მანემ გაიტანა, რომელსაც კოლუმბიელმა ლუის დიასმა თავით საუცხოო გადაცემა გაუკეთა. მანემ ლივერპულელთა მაისურით ჩემპიონთა ლიგაში 22 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში მეორეა. მან სტივენ ჯერარდს გაასწრო და მხოლოდ ეგვიპტელ მოჰამედ სალაჰს (33 გოლი) ჩამორჩება.
47-ე წუთზე ბურთი მოგერიების დროს კონატე თავის საჯარიმოში უხეშად შეხდა და მასპინძლების ურუგვაელმა ფორვარდმა დარვინ ნუნიესმა ანგარიში შეამცირა, მაგრამ 87-ე წუთზე „ლივერპულიდან“ თავი დიასმა გამოიჩინა და იურგენ კლოპის გაწვრთნილმა გუნდმა ორბურთიანი სხვაობით მოიგო. “მერსისაიდელებმა” ყველა ტურნირში სტუმრად ზედიზედ 8 თამაში პირველად მოიგეს. „ლივერპული“ „ბენფიკას“ 13 აპრილს „ენფილდზე“ უმასპინძლებს.