ქარის თასი | “შავი ლომის” შემადგენლობა “ელეფანტსთან”

0
14

7 აპრილს ‘შავი ლომი’ ქარის თასის მეორე ტურში სამხრეთ აფრიკულ ‘ისთერნ ფროვინს ელეფანტს’ ეთამაშება. შეხვედრა პორტ-ელიზაბეთში, „მადიბაზ სთედიუმზე“ საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება.
პირველ ტურში ორივე გუნდმა ბონუსით მოიგო. ‘ელეფანტსმა’ ‘იგლზს’ 5 ლელო გაუტანა, თავად 3 გაუშვა და 34:15 იმარჯვა, ხოლო ‘შავმა ლომმა’ ზიმბაბვურ ‘გოსჰოქს’ 6 ლელო გაუტანა (ნიკო აფციაურმა 4, გურამ ქანდაურაშვილი, ლუკა ივანიშვილი) და 34:10 სძლია.„პირველი თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ხანგრძლივი შესვენების შემდეგ. თამაშის ხარისხი ცუდი არ იყო, თუმცა უკეთაც შეგვიძლია. ტაქტიკურად სწორად ვითამაშეთ. ზიმბაბველებს სწრაფი გუნდი ყავდათ და თამაში იმ რიტმში გადავიყვანეთ, რისი სურვილიც გვქონდა“ – განაცხადა ‘შავი ლომის’ მთავარმა მწვრთნელმა პირველ ორ თამაშში ლადო კილასონიამ და მომავალი მეტოქე დაახასიათა:
„ელეფანტს” ძლიერი შერკინება და სწრაფი უკანა ხაზი ყავს. მისი შემადგენლობა ‘კინგსის’ მორაგბეებითა დაკომპლექტებული, რომელთაც ზე-რაგბში თამაშის გამოცდილება აქვთ. ისინი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშობენ და მოსაგებად მაქსიმუმს გაიღებენ. მათ იციან, რომ ‘შავ ლომთან’ იოლი თამაში არ ექნებათ და დიდი მონდომებით ემზადებიან. ჩვენის მხრივ, გავიარეთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები“.
პირველი თამაშის შემდეგ, ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში 5 ცვლილებაა და მათგან 4 შერკინებაზე მოდის. შეიცვალა ორივე ბურჯი და სასტარტო შემადგენლობაში ნიკო აბულაძეს და მიხეილ წიკლაურს ვიხილავთ. მეორე ხაზში თამაშს იწყებს ნოდარ ჭეიშვილი, ხოლო მესამე ხაზში სანდრო მამამთავრიშვილი, რომელმაც ზიმბაბველებთან კოკი თხილაიშვილი პირველსავე წუთზე შეცვალა. თხილაიშვილმა ტვინის შერყევა მიიღო და გარკვეული პერიოდით დასვენება მოუწევს. 9 ნომრის პოზიციაზე ძირითადშია თენგიზ პერანიძე, რომელმაც გიორგი ბეგაძეს ადგილი გაუცვალა.
‘ელეფანტსთან’ მატჩის შემდეგ ‘შავი ლომი’ შინ დაბრუნდება და სრული შემადგენლობით (დაემატებიან საქართველოში დარჩენილი ბორჯღალოსნები), 17 აპრილს რაგბი ევროპის სუპერ თასის ნახევარფინალში ესპანურ ‘იბერიანზს’ დაუხვდება.
მეორე ტურის შემდეგ, ქარის თასზე ორკვირიანი შესვენებაა და ტურნირი 22 აპრილს განახლდება, ‘შავი ლომი’ კი 23-ში ‘გრიფონს’ ეთამაშება.

ქარის თასი. II ტური. 7 აპრილი

პორტ-ელიზაბეთი. მადიბაზ სთედიუმი

ელეფანტსი – შავი ლომი (21 საათი. საქ. დრო)

შავი ლომი

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე, 14. სანდრო სვანიძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. გურამ ქანდაურაშვილი, 11. თეიმურაზ ჭიჭინაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. ნიკო აბულაძე, 2. თენგიზ ზამთარაძე, 3. მიხეილ წიკლაური, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. ნიკო აფციაური (კაპ), 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე, 17. გოგა ქადარია, 18. ნიკა პატარაია, 19. ლაშა ჯაიანი, 20. იოსებ გუშარაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლუკა მატკავა, 23. დავით მოძღვრიშვილი