პეპ გვარდიოლა: „ძალიან რთული იქნება შეუტიო გუნდს, რომელიც 5-5-0 თამაშობს“

0
11

პეპ გვარდიოლას მიაჩნია, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ატლეტიკოს“ შორის ძალიან თანაბარი თამაში იყო, რომლისგან სათანადო დასკვნები უნდა გააკეთონ, რათა მომდევნო დაპირისპიბაში მისი გუნდი გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდეს. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში შინ „ატლეტიკოსთან“ 1:0 მოგებული მატჩის მერე განაცხადა.
„ძალიან თანაბარი და რთული მატჩი იყო. „ატლეტიკო“ მთელი გუნდით თავის დაცვის დიდოსტატია, რაც იოლი არაა. მეტოქეს შეტევის საშუალებას არ ვაძლევდით და ჩვენს მომენტს ველოდებოდით.
ვფიქრობდით, რომ „ატლეტიკო“ 5-3-2 სქემით ითამაშებდა, მაგრამ მოწინააღმდეგემ 5-5-0 ტაქტიკა შემოგვთავაზა. დღესაც, ჩვენც წელთაღრიცხვამდე და ასი ათასი წლის შემდეგაც, ძალიან რთული იქნება შეუტიო გუნდს, რომელიც 5-5-0 თამაშობს, რადგან თავისუფალი სივრცე არ რჩება.
„ატლეტიკოს“ ფეხბურთელები ფიზიკურად ძლიერები არიან, ხოლო ჩვენ – პატარები და მსუბუქები. ეს მოთმინების საკითხია. ვგრძნობ, რომ საპასუხო მატჩი იმის მსგავსი იქნება, როგორც გუნდები ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაშობდნენ. განვლილი შეხვედრიდან შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ და ვეცდებით გაცილებით უკეთესად ვითამაშოთ“ – განაცხადა ესპანელმა მწვრთნელმა Movistar-ის ეთერით.