„დინამომ“ ბათუმელებთან ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა

0
8

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ გორის „დილა“ მიიღო და სამი ქულა აიღო.
მატჩში ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა, როდესაც გვინეელმა გარემარბმა მარცხენა ფლანგზე მეტოქესთან ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და გორელთა საჯარიმოში გახსნილ დმიტრი ანტილევსკის პასი არ დაუგვიანა, ხოლო ბელარუსმა კარიდან გამოსულ უკრაინელ დანილო კანევცევს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0.
კამარა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამვკანევცევს ვერ აჯობა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში „დილამ“ კუთხური ჩააწოდა და სენეგალელმა ონორე გომისმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს გადააცალა – ამ შემთხვევაში ვერგატანა უფრო რთული იყო, ვიდრე გატანა.
41-ე წუთზე დინამოელთა კაპიტანმა გიორგი პაპავამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს „უძლიერესად“ გაისროლა და ეფექტური გოლი გაიტანა – 2:0. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ კანევცევი როგორც კედლის დაყენების დროს შეცდა, ასევე პოზიციის შერჩევისას.
63-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ მარცხენა ფლანგიდან თბილისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მისმა თანამემამულა, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქე ვაგნერ გონსალვესმა ნიგერიელ მცველ გოტფრიდ სტეფენს დაასწრო და თავით საქართველოში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ დინამოელთა კარს თორნიკე კაპანაძე დაემუქრა და ბურთი ხარიხას გადაცდა. მოგვიანებით ვანდერსონმა ხელსაყრელი პოზიციიდან სუსტად დაარტყა და ესპანელი მეკარე პრიეტო ბურთს დაეუფლა. თამაშის მიწურულს გოლის გატანის შანსი უკრაინელი ბილენკის პასის მერე კირკიტაძეს შეეძლო, რომლის მიერ ახლოდან დარტყმული ბურთი კანევცევმა მოიგერია.
კახა ცადაძის გაწვრთნილი “დინამომ” 12 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა. ამდენივე ქულით უკრაინელი ანდრე დემჩენკოს “დილა” მესამეა, ხოლო ჩემპიონატს 13 ქულით ბათუმის “დინამო” ლიდერობს.
იმავე ტურის გამოტოვებულ კიდევ ერთ მატჩში „თელავმა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0.
გიორგი მიქაძის თავკაცობით “სამგურალმა” თავი 8 ქულა მოუყარა და მეოთხეა, ხოლო ლაშა ჭელიძის დამოძღვრილ “თელავს” ასევ 8 ქულა აქვს და მეხუთეა.