ქვილითაია საკაცით გაიტანეს, ქეცბაიას გუნდმა პრინციპულ მეტოქეს მოუგო

0
8

აპოელის კაპიტანმა გიორგი ქვილითაიამ კვიპროსის ჩემპიონატის ზედა ექვსეულში სტუმრად ფამაგუსტას „ანორთოსისთან“ (1:4) მატჩი ვერ დაასრულა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, მაგრამ მე-19 წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიტანეს. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, მას კუნთის ტრავმა აქვს. „აპოელის“ კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი თორნიკე ოქრიაშვილი ასევე სასტარტოში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. შეგახსენებთ, რომ ბუბა დაუშვილმა ოპერაცია გაიკეთა და სეზონი ნაადრევად დაამთავრა. „ანორთოსისმა“ თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს პირწმინდად აჯობა – პირველ ტაიმში 3 გოლი გაიტანა, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ერთი. აპოელმა ერთადერთი გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე მიითვალა.
„ანორთოსისს“ რაც შეეხება, თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა.
აპოელი 44 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო „ანორთოსისი“ 43 ქულით მესამეა. ჩემპიონატს 49 ქულით „აპოლონი“ ლიდერობს, სადაც ქართველი გარემარბი რევაზ ინჯგია გამოდის.