“ბათუმმა” “კაკტუსს” დაძაბულ ბრძოლაში სძლია

0
9

ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა “ბათუმმა” სუპერლიგაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ “კაკტუსს”, რომელსაც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხვდებოდა და პირველ პერიოდში 15, ხოლო მესამეში 9 ქულას აგებდა, დრამატული მატჩი მოუგო – 84:79  ამასთან ერთად, ბათუმელებს მესამე პერიოდში ბექა ბექაური, ხოლო ბოლო მეოთხედის დასაწყისში სოსო გოგნაძე გაუვარდათ. გადამწყვეტი პერიოდი, როცა მატჩის ბედი წყდებოდა, აჭარულმა გუნდმა ფაქტობრივად მეფარეების გარეშე ჩაატარა და ამის მიუხედავად, გამარჯვება მაინც მოახერხა.
“კაკტუსს” გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ირაკლი ხოშტარიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კაკტუსელებმა სუპერლიგაში ზედიზედ 4 მატჩი მოიგეს და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს, თუმცა გუნდმა წარმატებული სერია 2 წაგებით შეწყვიტა და კვლავ დაბლა დაეშვა. შესაბამისად, “ბათუმთან” მოგებას “კაკტუსის” ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და გუნდმა შეხვედრა მშვენივრადაც დაიწყო – 19:4 პირველი პერიოდის შუაწელში.
მთლად ასეთი ლიდერობით არა, მაგრამ მთელი 3 პერიოდი კაკტუსელები იგებდნენ. ზღვისპირელები სხვადასხვა ტაქტიკით ცდილობდნენ ვითარების გამოსწორებას და ამას გარკვეულწილად ახერხებდნენ კიდეც, მაგრამ მესამე პერიოდის მიწურულს გუნდს 5 პერსონალურის გამო ბექა ბექაური გამოაკლდა. მეოთხე მეოთხედი ახალი დაწყებული იყო, იგივე მიზეზით მოედნიდან ბათუმელთა მეორე მეფარე – სოსო გოგნაძეც რომ გავარდა. ამ მომენტში ანგარიში უკვე თანაბარი იყო – 69:69, თუმცა ბათუმელებს ძირითადი ხუთეულის ცენტრი და თავდამსხმელი გამოაკლდათ და …
აჭარული გუნდი ინდივიდუალურ თამაშზე გადავიდა. კომბინაციების გათამაშებაზე მეტად სტუმრებმა თამაშის საკუთარ თავზე აღებას მიჰყვეს ხელი – დანჯელო სტიუარტმა, საბა ლობჯანიძემ, ლაშა ოჩხიკიძემ და სპენსერ კოლინსმა არაერთი გარღვევა ჩააგდეს, რითაც ლიდერობას კბილებით ინარჩუნებდნენ. კაკტუსელთა წელში გამტეხი ბურთი სწორედ კოლინსმა ჩააგდო, როცა საფინალო სირენამდე 1 წუთით ადრე, შეტევისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის წინ ნასროლი სამქულიანი მიითვალა. “ბათუმი” 4 ქულით დაწინაურდა და როცა კაკტუსმა საპასუხო შეტევა გააცუდა, გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.
ბათუმელებს 14 ქულით, 10 პასით და 7 მოხსნით დე ანჯელო სტიუარტმა ულიდერა. 20 ქულა სპენსერ კოლინსმა დააგროვა, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 14 ქულა და 9 მოხსნა იყო. კაკტუსში 22 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი, 17 ქულა რევაზ როგავას ანგარიშზეა.