“ქუთაისმა” ლიდერობა დაიბრუნა

0
38

“ქუთაისმა” სუპერლიგის ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა, თუმცა ხვალამდე. კვირას, ოლიმპიურ სასახლეში თსუ “მეგას” დაუპირისპირდება და რომც წააგოს, პირველ ადგილზე გადავა. დაკარგული ქულებით უნივერსიტეტელები ლიდერები არიან, თუმცა იმერულმა კლუბმა დღეს “ცხუმ-აფხაზეთის” ძლევით დროებით პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
“ცხუმ-აფხაზეთი” საიმისოდ იბრძვის, რომ მე-10 ადგილი აირიდოს და სუპერლიგაში დასარჩენ საკვალიფიკაციო სერიას ასცდეს. ეს გუნდის პროგრამა მინიმუმია, თორემ ცხუმელებს 8 საუკეთესო გუნდში შესვლის შანსიც აქვთ, რაც მათ პლეი ოფიში ასპარეზობის უფლებას მისცემს.
შესაბამისად, დღევანდელ მატჩს ცხუმელთათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. “ქუთაისი” ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა მოსაგებად შემართული გუნდისთვის ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილმა “ცხუმ-აფხაზეთმაც” ბოლომდე, ღირსეულად იბრძოლა, თუმცა საწადელს მაინც ვერ მიაღწია. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ნახევრის მიწურულს ქუთაისელებმა მოახერხეს და ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვეს – 60:51 დიდი შესვენებისთვის.
მესამე პერიოდიდან დაიწყო ცხუმ-აფხაზეთის დევნა, რაც ბოლო პერიოდის შუაწელში წარმატებით დასრულდა. ცხუმელებმა ანგარიში გაათანაბრეს და სავარაუდოდ დაძაბული ფინალური წუთების დროც დადგა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა – კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა გააზრებული და ზუსტი თამაშის შედეგად მოახერხეს კვლავ 10-ქულიანი ლიდერობის მოპოვება და მეტოქეს თამაშის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა.
ქუთაისელებმა საბოლოო 102:92 დაამარცხეს “ცხუმ-აფხაზეთი, რაშიც ლომის წილი  ამერიკელთა ტანდემმა – ჯარვის რეიმ და სტივენ ფლეტჩერმა დაიდო. ორივემ 22-22 ქულა მოაგროვა. 18 ქულა და 9 პასი ადრიან ბოუის ანგარიშზეა. ცხუმ-აფხაზეთში 25 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა ჯაი უილიამსმა. ლუკა მაზიაშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა და 7 პასი დაგროვდა.
სუპერლიგის ტურის დარჩენილი 3 მატჩი ოლიმპიურ სასახლეში 3 აპრილს გაიმართება.