პორტუგალია და პოლონეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ

0
12

პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მუნდიალზე გასასვლელი პლეი ოფის ფინალში ფერნანდუ სანტუშის გაწვრთნილმა გუნდმა პორტუში „დრაგაუზე“ ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და 2:0 გაიმარჯვა.
მატჩის 32-ე წუთზე ანგარიში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა გახსნა. მან 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა და პორტუგალიას მსოფლიო პირველობის საგზური გაუნაღდა. პორტუგალია მუნდიალზე ზედიზედ მეექვსედ გავიდა.
კრიშტიანუ რონალდუმ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა. ის 2004 წლიდან მოყოლებული თავის მე-10 დიდი ტურნირს ითამაშებს – მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატს. მისთვის მომავალი პირველობა კარიერაში მე-5 იქნება.
პოლონეთმა ხორჟუვში შვედეთს უმასპინძლა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. 49-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ პენალტიდან პოლონელები დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე იაცეკ ზელინსკიმ სტუმართა კარი მეორედ აიღო. ლევანდოვსკიმ ნაკრების მაისურით 75-ე გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს უნგრელ შანდორ კოჩიშთან იყოფს, რომელმაც იმავე შედეგი 68 შეხვედრაში აჩვენა. პირველ პოზიციაზე რონალდუა 115 გოლით (168 მატჩში), ხოლო მეორეზე ლეგენდარული უნგრელი ფერენც პუშკაში 84 გოლით (89 მატჩში).
ევროპიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო საგზურის მფლობელი მოგვიანებით გაირკვევა. უელსი ფინალში უკრაინასა და შოტლანდიას შორის ივნისში გასამართ მატჩში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.