ლოჩოშვილს კარგი თამაში ახალი კონტრაქტით დაუფასეს

0
10

ლუკა ლოჩოშვილმა „ვოლფსბერგერთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ავსტრიული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ხელშეკრულება 2022-2023 წლების სეზონის ბოლომდე გააფორმა.
23 წლის ფეხბურთელი „ვოლფსბერგერში“ 2020 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 59 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
მან ავსტრიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში ვენის „აუსტრიასთან“ მატჩში მეტოქესთან შეჯახების დროს ტვინის შერყევა მიიღო და ამიტომ, საქართველოს ნაკრებს სტუმრად ბოსნია-ჰერცეგოვინასთან 1:0 მოგებულ მატჩში და ალბანეთთან ფრედ (0:0) დასრულებულ შეხვედრაში ვერ დაეხმარა. ის მოედანზე ერთი თვე ვერ გავა.
„ბედნიერი ვარ, რომ „ვოლფსბერგერში“ კიდევ ერთ წელიწადს გავატარებ. ბოლო სეზონებში აქ კარგად დავმკვიდრდი და ახალი ამოცანების გადაწყვეტას მოუთმენლად ველოდები. რა თქმა უნდა, ახლა მთელი ყურადღება ჩემპიონატის მატჩებისკენ გვაქვს მიპყრობილი, რომელთა პოზიტიურად დასრულება გვსურს, რათა ჩვენს დიდ მიზანს მივაღწიოთ და ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშოთ“ – გაანცხადა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ლოჩოშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ ლოჩოშვილთან ერთად „ვოლფსბერგერთან“ ახალი კონტრაქტი დომინიკ ბაუმგარტნერმა გააფორმა, რომელიც დაცვის ცენტრში სწორედ ქართველთანაა შეწყვილებული.