საქართველომ ალბანეთთან ისევ არ წააგო

0
10

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ყველაზე მეტი ოფიციალური თუ ამხანაგურ შეხვედრა ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარა.
29 მარტს ეს გუნდები ერთმანეთის პირისპირ მეთხუთმეტედ წარსდგნენ – განვლილი 14 თამაშიდან ქართველებმა 8 მოიგეს, 3-ჯერ დამარცხდნენ და 3-ჯერ გუნდები დაზავდნენ. აღსანიშნავია, რომ 2006 წლის შემდეგ დღეს გამართულ დაპირისპირებამდე ჩვენმა გუნდმა ბალკანელებთან 5-ჯერ ითამაშა და არცერთი წააგო – 2 გამარჯვება და 3 ფრე.
დღევანდლამდე, ალბანეთი -საქართველოს ბოლო მატჩი 2015 წლის 16 ნოემბერს შედგა და 2:2 დასრულდა. მაშინ, კახა ცხადაძის გაწვრთნილი გუნდი ტირანაში 2:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
ვილი სანიოლის გუნდს სპარინგამდე შეტევაში სერიოზული პრობლემა შეექმნა, ვინაიდან მიკროტრავმის გამო თანაგუნდელებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა. მის გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუნდს ოთარ კაკაბაძე გამოაკლდა.
ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩთან შედარებით სანიოლმა სასტარტო შემადგენლობაში 5 ფეხბუთელი შეცვალა – მოედანზე პირველი წუთიდან საბა კვერკველია, გრიგოლ ჩაბრაძე, გიორგი წიტაიშვილი, ვაკო ყაზაიშვილი და დავით ვოლკოვი გამოჩნდნენ.
გიორგი მამარდაშვილმა ეროვნული ნაკრების სასტარტოში მეორე მატჩი ჩაატარა. სანიოლმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და კვერკველია დააყენა, ხოლო მარჯვენა ფლანგზე ჩაბრაძე მოქმედებდა. ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია თამაშობდნენ, რომელთა წინ ყაზაიშვილი იყო. მარჯვენა ფლანგზე ზურიკო დავითაშვილი ირჯებოდა, მარცხენაზე – წიტაიშვილი, ხოლო თავდასხმაში ადგილი ვოლკოვს ანდეს. აქვე გეტყვით, რომ ჩაბრაძე შეტევაში როდესაც ერთვებოდა კვერკველია მარჯვნივ იწევდა.
მე-17 წუთზე შეტევაში ჩართულმა როშიმ წიტაიშვილი ჩამოიცილა და ოდან ცენტისკენ შეწეულმა ძლიერად დაარტყა – მამარდაშვილმა ბურთი ხელებში „გააქვავა“.
38-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ჩეკიჩმა ცრუ მოძრაობით კაშია ჩამოიცილა და ძლიერად დაარტყა – ბურთი კარს გადაცდა. 42-ე წუთზე საქართველოს ნაკრების კონტრშეტევის დროს ყაზაიშვილმა პასი ალბანელთა საჯარიმოში გახსნილ დავითაშვილს არ დაუგვიანა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიშის გახსნის რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში ჩიკალეშიმ საქართველოს ნაკრების საჯარიმოში კვეკვესკირი ორჯერ „მოატყუა“ და ახლო მანძილიდან ძლიერად, მაგრამ ოდნავ უზუსტოდა დაარტყა.
მეორე ტაიმის შუაწელში აბურჯანია მეტოქესთან ორთაბრძოლაში წაიქცა და მასპინძელტა თავკაცმა იტალიელმა ედოარდო რეიამ მას სიმულაცია დასწამა, რის გამო, კვეკვესკირი გაღიზიანდა და თანაგუნდელს გამოექომაგა. მომხდარის გამო თამაში მცირე ხანი გაჩერდა და ალბანელი ფეხბურთელები ჩვენი ნაკრების ვიცეკაპიტანს ამშვიდებდნენ.
ამ ეპიზოდიდან დიდი დრო არ გასულა, რომ კვეკვესკირმა საჯარიმოს გარედან დაარტყა და სტრაკოშამ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა. ამის შემდეგ წიტაიშვილმა ჩააწოდა მოწინააღმდეგის საჯარიმოში სადაც ალბანელ მცველ ჩაბრაძემ დაასწრო და ორთაბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა.
78-ე წუთზე ასლანიმ საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა და მამარდაშვილმა ნახტომში არცთუ იოლი ბურთი მოიგერია.
საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ 4 მოგების შემდეგ, წაუგებელი მატჩების სერია ხუთამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ სანიოლის გაწვრთნილ გუნდს ბოლო ოთხ თამაშში გოლი არ გაუშვია.
ალბანეთი – საქართველო 0:0
29 მარტი. ტირანა. „ეარ ალბანია სთედიუმი“.
ალბანეთი:
სტრაკოშა, როში (ლენიანი, 77), რამადანი (გიასულა, 65), მანაი (ვრიონი, 65), კუმბულა, ისმაილი, ჰუსაი (კ), ჩეკიჩი, ჯიმსიტი, ბროია (ჩიკალეში, 46), ასლანი.
მთავარი მწვრთნელი:
ედოარდო რეია.
საქართველო: მამარდაშვილი, კვერკველია (კობახიძე, 66), კაშია (კ), დვალი, ჩაბრაძე (მამუჩაშვილი, 83), წიტაიშვილი, აბურჯანია, კვეკვესკირი (გვილია, 76), ვოლკოვი (ლობჟანიძე, 66), ყაზაიშვილი (ზივზივაძე, 83), დავითაშვილი (მექვაბიშვილი, 76).
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
გაფრთხილება: ჩეკიჩი (29), ჩაბრაძე (30), კვერკველია (51), ჰისაი (70),