საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ევრო 2022-ზე მოსახვედრი ელიტ რაუნდის მე-4 ჯგუფში პირველი მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ, რუმინეთთან დიდი ანგარიშით წააგო. თამაშის დაწყებამდე ქართველმა 19-წლამდელებმა მხარდაჭერა უკრაინას გამოუცხადეს, სადაც რუსეთის ჯარები შეიჭრნენ.
მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ბოდისტეანუმ ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ მდგომ ჩირიცოიუს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა – 1:0.
31-ე წუთზე რუმინელებმა მარცხენა ფლანგიდან კუთხური შეასრულეს და დანულეასამ მას მერე რაც ქართველ მცველებს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო, თავით გაიტანა.
39-ე წუთზე ლუკა წულუკიძემ ძალიან კარგი პასი მეტოქის მეკარეს გიორგი აბუაშვილი შეატოვა და „პორტუს“ ფორვარდმა ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა.
ტაიმის მიწურულს საქართველოს ნაკრების მდგომარეობა დამძიმდა, რადგან გიორგი ჩხეტიანმა თავის საჯარიმოში რუმინელი მოთამაშე წააქცია და მსაჯმა წითელი ბარათი მისცა, თან პენალტი დანიშნა, რომელიც პანტეამ გამოიყენა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ბოდისტეანუმ ქართველების საჯარიმოში ისევ მარჯვნიდან შეირბინა და პარტნიორისგან პასიც მიიღო, რის შემდეგ ილიე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან თანაგუნდელები კიდევ უფრო დააწინაურა.
მე-60 წუთზე რადასლავესკუ სოლო რეიდის დროს სამ ქართველს გასცდა და მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 5:1.
დღეს, მე-4 ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართა და მასპინძელმა ხორვატიამ ისლანდია 2:1 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 მარტს ისლანდიასთან ჩაატარებს.
ცნობისთვის, ელიტ რაუნდიდან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდები გადიან.
რუმინეთი – საქართველო 5:1 (3:1)
23 მარტი. ველიკა გორიცა. გრადსკი სტადიონი.
საქართველო: ხარატიშვილი, ხვადაგიანი (კეკელიძე, 80), პირტახია. დუნდუა, ოთარ მამაგეიშვილი, გვიშიანი, ჩხეტიანი, გეგუჩაძე (ცხოვრებაშვილი, 62), აბუაშვილი (გოგნაძე, 67), გიზო მამაგეიშვილი (კ) (ბაგრატიონი, 46), წულუკიძე (სიხარულაშვილი, 67).
მთავრი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.
გოლი: 1:0 ჩირიცოიუ (11), 2:0 დანუელასა (31), 2:1 აბუაშვილი (39), 3:1 პანტეა (45), 4:1 ილიე (47), რადასლავესკუ (60).
გაფრთხილება: ამზარი (23), ოთარ მამაგეიშვილი (34), სიხარულაშვილი (70), ხვადაგიანი (80).
გაძევება: ჩხეტიანი (44)
მთავარი მსაჯი: ვალტერ ალტმანი.
მთავარი ნიუსი 19-წლამდელებმა ელიტ რაუნდი წაგებით დაიწყეს