შერმადინის 12 ქულა და “ტენერიფეს” გამარჯვება

0
2

გიორგი შერმადინის “ლენოვო ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ლიგა ენდესას 25-ე ტურში ტენერიფელებმა “ბურგოსს” უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში 91:78 გაიმარჯვეს. საბოლოოდ 13-ქულიანი უპირატესობით კი იმარჯვეს, თუმცა ბოლო პერიოდამდე თანაბარი და უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობდა და მასპინძლებმა “ბურგოსი” მხოლოდ უკანასკნელ ათწუთეულში გატეხეს.
შერმადინმა 22:51 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13-ს გაუტოლდა. ტენერიფეს 22 თამაში აქვს ჩატარებული, საიდანაც 14 მოიგო, 8 წააგო და მე-5 ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში 26 მარტს, გრან კანარიას სტუმრად შეხვდება.
დღესვე ითამაშა ბექა ბურჯანაძის ბეტისმა, რომელიც საკუთარ მოედანზე ხუვენტუტ ბადალონასთან 66:77 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 11:58 წუთში 1 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. მან 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორქულიანი და სამქულიანი არ უსვრია. სევილიის ბეტისი 6 მოგებით და 17 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 27 მარტს, სტუმრად უნიკახასთან გამართავს.