გოგა ბითაძე – 12 ქულა, ისევ სასტარტო და კვლავ გამარჯვება

0
9

გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსის სასტარტო ხუთეულში მყარად დამკვიდრდა. მორიგ მატჩში, რომელიც ინდიანელებმა “პორტლენდ თრეილ ბლეიზერსთან” ჩაატარეს, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო. ეს მატჩი ბითაძის გუნდისთვის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი იყო მიმდინარე სეზონში “პეისერსმა” “ბლეიზერსი” 129:98 გაანადგურა, რაშიც თავისი წილი საქართველოს ნაკრების ცენტრმაც დაიდო.
ქართველმა ცენტრმა მოედანზე 24 წუთი გაატარა და 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი მოაგროვა. გოგამ 10-დან 6 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო. ბითაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში პეისერსმა სტუმრებზე 17 ქულით მეტი ჩააგდო. საინტერესოა, რომ ინდიანას რიგებში 10 და მეტი ქულა ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მოაგროვა, ყველაზე შედეგიანი კი ოშაე ბრისეტი იყო, რომელმაც 24 ქულას 9 მოხსნა წაამატა.
პეისერსმა 25 მოგება და 47 მარცხი მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე რჩება, მომდევნო მატჩს კი 24 მარტს საკრამენტო კინგსთან ჩაატარებს.