თავართქილაძის უნივერსიტეტმა პირველობა გაინაღდა

0
11

“ა” ლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსანი გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის გუნდია. დებიუტანტმა, რომელიც წინა სეზონში სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობდა და მისი მოგებით მოიპოვა “ა” ლიგის საგზური, მიმდინარე ტურნირის ყველა მატჩი მოიგო და რეგულარულის პირველობა გაინაღდა. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს ერთ-ერთი  კონკურენტი “ასტრალი” 81:62 დაამარცხა, 8-დან 8 მოგება დააგროვა და დარჩენილ 2 ტურში რომც წააგოს, პირველ ადგილს ვერავინ წაართმევს.გთუნიმ ბექა ჩიკვილაძის გაწვრთნილი გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა, რაშიც ლომის წილი გიორგი დვალმა დაიდო. დვალმა 8-დან 6 სამქულიანი მიითვალა, მთლიანობაში კი თავი 22 ქულას მოუყარა და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. 15 ქულა და 10 მოხსნა მისმა ამერიკელმა თანაგუნდელმა, ჯამანი პირსმა მიითვალა, 13 ქულა და 11 მოხსნა კი ერიკ ფრედერიკის ანგარიშზეა. “ასტრალში” 16 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ევან მილიგანი.
პირველობაგანაღდებულ გთუნის კვალში უდგას “კავკასია”, რომელმაც დღეს “ორბი” 13 ქულის სხვაობით დაამარცხა – 77:64. ბექა წივწივაძის გაწვრთნილ გუნდს არ გასჭირვებია გამარჯვების მოპოვება: ლიდერობა თავიდანვე რომ მოიპოვა, ხელიდან აღარ გაუშვია. კავკასიელებს მარკიზ მეიფილდმა ულიდერა 21 ქულა-10 მოხსნით. 15 ქულა და 13 მოხსნა რაილი ჰეიესის ანგარიშზე დაგროვდა. ორბში 15-15 ქულით ერეკლე ლორთქიფანიძე და ვახტანგ გოგბერაშვილი გამოირჩნენ.
მეორე ადგილზე მყოფ “კავკასიას” ლიდერ გთუნიზე 2 ქულით ნაკლები აქვს, თუმცა დარჩენილ 2 ტურში ამ სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია, რადგან გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს “კავკასია” რეგულარულის ორივე შეხვედრაში ჰყავს დამარცხებული და თანაბარი ქულების შემთხვევაში უპირატესობა დავით ნოზაძის გუნდს მიენიჭება.
ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში ერთმანეთს აუტსაიდერები – “მგზავრები” და “მარგვეთი” დაუპირისპირდნენ. ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა “მგზავრებმა” ბევრი ეცადა, მაგრამ სეზონში პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა. “მარგვეთისთვის” ეს გამარჯვება (105:66) მიმდინარე ტურნირში მე-2 იყო.