“ბათუმმა” ლიდერი თსუ დაამარცხა

0
5

სუპერლიგის ერთპიროვნული ლიდერი თსუ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში “ბათუმთან” დამარცხდა – 71:82. მარცხის მიუხედავად ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილ უნივერსიტეტელებს პირველობა არ დაუთმიათ.
თსუ-სა და “ბათუმის”დღევანდელი შეხვედრა სცენარით ძალიან ჰგავდა ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებას. 2020 წლის 18 ნოემბერს გამართულ მატჩს თსუ პირველი პერიოდის შემდეგ 20 ქულით აგებდა და ეს ჩამორჩენა მესამე პერიოდში მთლიანად გააბათილა. დღეს ბათუმელებმა პირველი ნახევარი 21 ქულით მოიგეს და დიდი შესვენების შემდეგ ისევ თსუ-ს ჯერი დადგა.
მართალია, საბოლოოდ თსუ-მ ვერ მოახერხა გამარჯვება, თუმცა ამის რეალური შანსი ჰქონდა. უნივერსიტეტელებმა მესამე პერიოდში დიდებულად ითამაშეს და ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს. წუთშესვენებითა და შემადგენლობის როტაციით ბათუმელებმა მოახერხეს უნივერსიტეტელთა სპურტის შეჩერება და გადამწყვეტი პერიოდის წინ 9 ქულით გალიდერდნენ, თუმცა მალევე მათი ლიდერობიდან მინიმალური – 1 ქულა დარჩა.
ეს მოხდა მეოთხე პერიოდის დაწყებიდან წუთნახევარში, როცა ლოველ ქაბილმა სამივე საჯარიმო ჩააგდო და თსუ “ბათუმს” 61:62 მიუახლოვდა. ზღვისპირელები წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, თუმცა ბუბა ბერიშვილის წუთშესვენებამ და შეცვლილმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო. თამაშის სადავეები უკანა ხაზში ამერიკელმა ლეგიონერმა – კაილი რიდლიმ გადაიბარა, რომელმაც შეტევებს კარგი ორგანიზება გაუკეთა, ბექა ბექაურმა და რევაზ ჩაჩანიძემ სამქულიანები ჩააგდეს, რითაც აჭარულმა გუნდმა ლიდერობა გაიმყარა.
საბოლოოდ თამაში ისე ჩამთავრდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა. ბათუმელებმა სუპერლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება მოიპოვეს და ცხრილში მე-3 ადგილზე აღზევდნენ.