ბათუმელთა რთული სამი ქულა თბილისში

0
4

ბათუმის “დინამომ” ზედიზედ ორი მატჩის ვერმოგების შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურში სამი ქულა თბილისში ადგილობროვ “ლოკომოტივთან” აიღო. თუმცა, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს იოლი გასეირნება ნამდვილად არ ჰქონია, განსაკუთრებით შესვენებამდე. “ლოკომოტივს” პირველ ტაიმში შექმნილი მომენტებიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინა შესაძლოა ქულაც აეღო.
მე-10 წუთზე ბათუმელთა დაცვა “ჩავარდა” და მეტოქის მეკარესთან პირისპირ გასულმა შოთა შეყილაძემ დარტყმა დააგვიანა, რის შემდეგ, პასი გიორგი იაკობიძეს გაუკეთა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა – მასპინძლებმა ასპროცენტიანი შანსი “გაანიავეს”.
36-ე წუთზე შეყილაძემ სისწრაფეში მამუკა კობახიძეს და უკრაინელ მცველ ოლექსანდრ აზაცკის აჯობა, ხოლო საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ოდნავ მახვილი კუთხიდან ბურთი კარს ააცილა.
ტაიმის მიწურულს გრიგოლ ჩაბრაძემ მარჯვენა ფლანგიდან საპირისპირო ფლანგზე სცადა გადაეტანა ბურთი, რომელიც დავით სამურკასოვმა ჩაჭრა და ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. ბათუმელებმა თამაშში ბურთი გრძელი გადაცემით შეიტანეს და მასპინძელთა კართან სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელიც ვარდნაში გიორგი ფანცულაიამ ვერ დაასრულა.
ტაიმისთვის დამატებულ პირველ წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა მარჯვენა ფრთიდან გამოზომილი პასი გაუკეთა “ლოკომოტივის” საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილს, რომელმაც თავურით ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში მეოთხე გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დროა არ გასულა, რომ სამურკასოვმა მარჯვენა ფლანგიდან “დინამოს” საჯარიმოში ჩააწიდა, სადაც ზურაბ ზოსიაშვილმა საჰაერო ორთაბრძოლაში კობახიძეს აჯობა და თავით დაარტყა – სტუმრები გოლის გაშვებისგან ნახტომში ლაზარე კუპატაძემ იხსნა.
77-ე წუთზე, ირაკლი აზაროვი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მას მერე რაც ერთ ლოკომოტიველს გასცდა გამჭოლი გადაცემა გააკეთა, მაგრამ ელგუჯა ლობჯანიძეს თბილისელთა მცველმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა არ გაატანინა, რომელმაც ბურთი მოიგერია.
ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ლობჯანიძემ თბილისელთა საჯარიმოი კარგად მოძებნა მილან რადინი, რომელიც გიორგი გაბაძეს გაექცა და სერბმა ახალ გუნდში სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის მიწურულს “ლოკომოტივის” კონტრშეტევის დროს გივი მუკბანიანმა ძალიან სახიფათოდ დაარტყა და კუპატაძემ კარი “მშრალად” ისევ ნახტომში შეინახა.
გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 10 ქულით 10-გუნდიან სატურნირ ცხრილში ლიდერია, ხოლოლაშა ჭაღიაშვილის თავკაცობით “ლოკომოტივს” ჯერ ქულა არ აუღია და ბოლოა.