უნაი ემერი: „თამაშისთვის ჩვენი გეგმა გვქონდა“

0
8

„ვილიარეალის“ მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის თქმით, მის გუნდს „იუვენტუსთან“ დაპირისპირებაში თავისი გეგმა ჰქონდა და იცოდნენ, რომ რთული მატჩი ელოდებოდათ. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში სტუმრად ტურინის „იუვენტუსთან“ გამარჯვებისა და 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ განაცხადა.
„თამაშისთვის ჩვენი გეგმა გვქონდა. ვიცოდით, რომ მატჩის მსვლელობისას რთული მომენტები იქნებოდა. ხერარდ მორენოს იმედი გვქონდა და გვსურდა, რომ ის მოედანზე საჭირო დროს შესულიყო. დღეს ის დაბრუნდა (ესპანელ ფორვარდს ტრავმის გამო ერთი თვე არ უთამაშია და 74-ე წუთზე თამაშში ჩართულმა, 78-ე წუთზე პენალტი გაიტანა, რედ.).
მატჩები განსხვავებულად წარიმართება და თამაში სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. ვიცოდით, რომ ჩვენს მეკარე ხერონიმო რულის კარგად უნდა ეთამაშა და საკუთარ მომენტს დავლოდებოდით.
პირველ ტაიმში მეტოქე უფრო სახიფათო იყო, ხოლო შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა. 1/4-ფინალში ვინც არ უნდა შეგვხვდეს უდავოდთ ტოპ-გუნდი იქნება, ისევე როგორც დღევანდელი მოწინააღმდეგე“ – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა, რომელიც სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა.