თასის გათამაშების ოთხთა ფინალის სამი მონაწილე ცნობილია

0
8

საქართველოს თასის გათამაშების ოთხთა ფინალის 3 მონაწილე ცნობილია. დღეს, თბილისსა და ბათუმში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩებში ის გუნდები გამოვლინდნენ, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული ტიტულის მოსაგებად ოთხთა ფინალში იასპარეზებენ.
ოთხთა ფინალის პირველი საგზური “ოლიმპმა” მოიპოვა. დავით როგავას გაწვრთნილმა გუნდმა დამაჯერებელი სხვაობით – 103:71  დაამარცხა გვარიანად დასუსტებული “ვერა”. ვერელებმა სუპერლიგაში უმძლავრესი პირველი წრე ჩაატარეს და 11 მატჩიდან 8 მოიგეს, თუმცა საკადრო პრობლემების გამო გვარიანად დასუსტდნენ და თამაშ თამაშზე აგებენ. დავით გასიტაშვილის გუნდს რიგი მიზეზების გამო 4 ლეგიონერიდან ამ ეტაპისთვის მხოლოდ 1 შერჩა.
ზაკ სელიასმა 24 ქულა და 15 მოხსნა კი მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა წარმატების მისაღწევად. ოლიმპის მოთამაშეებმა ლიდერობა თავიდანვე მოიპოვეს და თამაშის ბოლომდე სოლიდურ უპირატესობას ფლობდნენ. გამარჯვებულთაგან 21-21 ქულით კახა ჯინჭარაძე და იმორას ეიჯი გამოირჩნენ. 17-17 ქულა ილია ლონდარიძემ და გივი ბაქრაძემ მიითვალეს.
ოლიმპის მეტოქე ოთხთა ფინალში “ქუთაისსა” და “ცხუმ-აფხაზეთს” შორის გამარჯვებული იქნება. ამ გუნდების მეოთხედფინალური დაპირისპირება 17 მარტს, ქუთაისში შედგება. რაც შეეხება სატურნირო ბადის მეორე მხარეს, ოთხთა ფინალის მეორე წყვილში ერთმანეთს “ბათუმი” და “მეგა” შეხვდებიან. ამ გუნდებმა დღეს საკმაოდ მძლავრ ოპონენტს მოუგეს.
ბათუმში სათამაშოდ იყო ჩასული “კაკტუსი”, რომელმაც თასის გათამაშებას “რუსთავი” გამოთიშა, ხოლო სუპერლიგაში ბოლო გამარჯვებებით ცხრილში დაწინაურდა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმშიც კარგად ითამაშა და შეხვედრა ბოლო წუთებზე დათმო. გადამწყვეტი პერიოდის წინ კაკტუსელები 62:59 იგებდნენ, მაგრამ მასპინძელთა ზეწოლას ბოლომდე ვერ გაუძლეს და გამარჯვება ბათუმელებს დარჩათ – 87:82 . გამარჯვებულთაგან 18 ქულით, 7 მოხსნით და 4 დაფარებით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 19 ქულა კაილი რიდლიმ მიითვალა, დე ანჯელო სტიუარტმა ზღვისპირელებს 15 ქულა და 7 მოხსნა შეეშველა. “კაკტუსში” 31 ქულით საუკეთესო იყო დერიკ ნიუტონი. 19 ქულა და 10 მოხსნა დენზელ ლივინგსტონმა მოაგროვა.
წარმატებულ სვლას აგრძელებს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი “მეგა”, რომელმაც სუპერლიგის ლიდერ თსუ-ს 85:76 მოუგო და ოთხთა ფინალში გავიდა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა მართალია შესუსტებული, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხა. უნივერსიტეტელებს ტრავმების გამო აკლდათ მიხეილ ბერიშვილი და რაილ ოუენსი, რაც საბოლოოდ გახდა კიდეც წაგების მიზეზი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “მეგას” ერთ-ერთმა ლიდერმა, დემონტე ფლანიგანმა მესამე პერიოდის დასაწყისში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანზე ვეღარ დაბრუნდა.
თსუ მეორე პერიოდში 15 ქულით ჩამორჩა, თუმცა მეორე პერიოდის მიწურულს და მესამეს დასაწყისში ისეთი სპურტი მოაწყო, რომ ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა, მაგრამ “მეგა” არ გატყდა. გუნდური სულისკვეთებითა და ამერიკელი ლეგიონერების ინდივიდუალური ოსტატობით ჩერქეზიშვილის გუნდი გამარჯვებამდე ისე მივიდა, მოედანზე ვითარება არ დაძაბულა.
გამარჯვებულებს ულიდერა ტაილერ კორბინმა, რომელმაც სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა: 21 ქულა, 10 პასი, 8 მოხსნა. 23 ქულა და უმნიშვნელოვანესი სამქულიანები ჩააგდო ჯიმონ ჰენსონმა. 14 ქულა მიითვალა დენგი აკუთმა, ხოლო 13 – დემონტე ფლანიგანმა.