სფფ საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს იწყებს

0
3

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პროცესს იწყებს. 17 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, თბილისის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სემინარი, რომელიც თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, მიზნად ისახავს კატეგორიზაციის პროცესში ჩართული კლუბებისთვის ინფორმაციის მიწოდებას კატეგორიზაციის პროცესზე, კრიტერიუმებზე და ვადებზე. თბილისის შემდეგ, სემინარები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება და 31 მარტს დასრულდება.
სფფ-ის სკოლების კატეგორიზაციის მიზანია საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა ყველა დონეზე, სფფ-ს ახალგაზრდული ფეხბურთის პოლიტიკის განხორციელება და საქართველოში ახალგაზრდული ფეხბურთის სექტორში მოქმედი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების შეფასება და დაინტერებული მხარეების ინფორმირებულობის ხარისხის ამაღლება.
კატეგორიზაციის ფარგლებში საფეხბურთო სკოლების ოთხ ძირითად კატეგორიად დაიყოფა:
IV კატეგორია (ყველაზე დაბალი): „ფეხბურთის წრე“
III კატეგორია: „კანდიდატი ფეხბურთის  სკოლა“
II კატეგორია: „ფეხბურთის სკოლა“
კატეგორია (უმაღლესი): „ფეხბურთის აკადემია“
სკოლების შეფასებისა და მონიტორინგის მიზნით, ფეხბურთის ფედერაციაში საფეხბურთო სკოლების მონიტორინგის ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელსაც ვეტერანი ფეხბურთელი, გოჩა ჯამარაული ხელმძღვანელობს. ჯგუფის მიზანია ფეხბურთის სკოლების შეფასება ორგანიზაციულ-ადმინისტრაციული, სპორტული, სამწვრთნელო მიმართულებით და სკოლების შემდგომი მონიტორინგი.
2022 წლის ივლისში, კატეგორიზაციის ციკლის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო სკოლები მინიჭებული კატეგორიის მიხედვით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან შესაბამის დაფინანასებას მიიღებენ.
საფეხბურთო სკოლების კატეგორიზაციის პირველი, საპილოტე ციკლი 2019 წელს ჩატარდა, თუმცა Covid 19-ის პანდემიის გამო, მომდევნო წლებში პროექტის შეჩერებული იყო.