“ჩელსი” და “ვილიარეალი” ბოლო 1/4-ფინალისტები – “იუვენტუსის” კრახი

0
10

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში დაემშვიდობა. მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილმა გუნდმა სტუმრად ესპანეთში “ვილიარეალთან” პირველი შეხვედრა 1:1 დაასრულდა და საპასუხო თამაშის წინ ფავორიტად მიიჩნეოდა. თუმცა, ტურინში მოვლენები ისე განვითარდა, როგორც ბევრი ვერ იფიქრებდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო 78-ე წუთზე ხერარდ მორენომ პენალტიდან სტუმრები დააწინაურა. 85-ე წუთზე, პაუ ტორესის დარტყმის შემდეგ “ვილიარეალის” უპირატესობა ორბურთიანი გახდა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე წერტილი თერთმეტმეტრიანიდან გრუნეველდმა დასვა.
“ვილიარელის” დამრიგებელი უნაი ემერი სამწვრთნელო კარიერაში ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველად გავიდა. ესპანეთიდან საუკეთესო 8 გუნდში “ვილიარეალის” გარდა, მადრიდის “ატლეტიკო” და “რეალის” მოხვდნენ. ესპანეთის ლა ლიგის წარმომადგენლები ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ზედიზედ მეჩვიდმეტედ გავიდნენ, რაც ტურნირის რეკორდია. “იუვენტუსი” ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/8-ფინალიდან ზედიზედ მესამედ გავარდა.
პარალელურად გამართულ შეხვედრაში “ლილმა” “ჩელსის” უმასპინძლა და პირველი თამაშის მსგავსად, რომელიც ლონდონელებმა 2:0 მოიგეს, ამჯერადაც თომას ტუხელის შეგირდებმა გაიმარჯვეს – 2:1.
შეხვედრაში მასპინძლები დაწინაურდნენ, როდესაც ბურაქ ილმაზმა პენალტი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე პულიშიჩმა ანგარიში გაათანაბრა. 71-ე წუთზე ასპილიკუეტამ ფრანგების კარი კიდევ ერთხელ აიღო და ტურნირის მოქმედ ჩემპიონს შემდეგ ეტაპზე თანაში გაუნაღდა.
გერმანელმა სპეციალისტმა ტუხელმა ჩემპიონთა ლიგაში მწვრთნელის რანგში 50-ე შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 32 მოიგო. მისმა თანამემამულა იუპ ჰაინკესსმა თავის გაწვრთნილ გუნდებს 32-ჯერ გაამარჯვებინა, მაგრამ 47 მატჩში. ტუხელმა ტურნირში გამართულ საწყის 50 თამაშში ზინედინ ზიდანის (31 გამარჯვება), პეპ გვარდიოლას (30), ვისენტე დელ ბოსკეს (29) და დიეგო სიმეონეს (28) მიღწევა გააუმჯობესა.
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მადრიდის “რეალი”, მადრიდის “ატლეტიკო”, ლონდონის “ჩელსი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, მიუნხენის “ბაიერნი”, ლისაბონის “ბენფიკა” და “ვილიარეალი” ითამაშებენ. 1/4-ფინალის კენჭისყრა პარასკევს ჩატარდება.