19 წლამდე ფუტსალისტთა ნაკრებმა პირველი მატჩი წააგო

0
11

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველი მატჩი გამართა.  მე-5 ჯგუფის მასპინძელ რუმინეთთან შეხვედრა შოთა ჭანუყვაძის გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დათმო.
მატჩი საქართველოს ნაკრების სწრაფი გოლებით დაიწყო – ნოდარ ქურცაძის და გიორგი გიორგაძის გოლებით ჩვენი გუნდი მე-5 წუთზე მეტოქეს ორბურთიანი სხვაობით ამარცხებდა.
რუმინელებმა გათანაბრება ტაიმის დასრულებამდე, იანოშ ჩოგის და ტამაშ ნადის ზუსტი დარტყმებით მოახერხეს. პირველი ნახევრის დასრულებამდე 30 წამით ადრე მეტოქეს დაწინაურების შანსიც ჰქონდა, თუმცა იოჟეფ კერეშტეის შესრულებული პენალტი საქართველოს ნაკრების მეკარემ, ბექა გოგსაძემ მოიგერია.
მეორე ნახევარი პირველ ტაიმთან შედარებით ნაკლებად შედეგიანი გამოდგა. გულშემატკივარმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა, რომელიც საქართველოს ნაკრების კარში გავიდა – ნოდარ ქურცაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
საქართველო 2:3 რუმინეთი
მეინ რაუნდის მეორე, დასკვნით შეხვედრას საქართველოს 19-წლამდე ნაკრები სლოვაკეთთან 17 მარტს გამართვს. ესპანეთში, 4-10 სექტემბერს დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს.

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ბექა გოგსაძე („ილიაუნი“), ზაურ კოტრიკაძე („კროკობეთი“)

წინა ხაზი: ლაშა კურტანიძე („ილიაუნი“), ბექა ქურდაშვილი (თსუ 2), დავით დვალი (კსუ), ნოდარ ქურცაძე (კსუ), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), გიორგი გიორგაძე (თსუ 2), საბა ეგრისელაშვილი (თსუ 2), ალექსანდრე ორაგველიძე (კსუ), გაიოზ ლაგაზაშვილი („ილიაუნი 2“), ნიკოლოზ ბოლქვაძე („ილიაუნი 2“).

მთავარი მწვრთნელი: შოთა ჭანუყვაძე

17 მარტი | ტირგუ-მურეში | 20:30

სლოვაკეთი – საქართველო